“ფინიქს სანზი” კონფერენციის ფინალშია

11 წლიანი მოლიდონი დასრულდა…. „ფინიქსმა“ საპლეიოფო სერიის მეოთხე შეხვედრაც მოუგო „დენვერს“ და 2010 წლის შემდეგ პირველად გააღწია კონფერენციის ფინალში.

მატჩის მიმდინარეობისას „ნაგეთსი“ ერთადერთხელ იყო წინ ანგარიშში – ნიკოლა იოკიჩის ლეიაფით მასპინძლები დაწინაურდნენ 2:0, თუმცა მალევე დევინ ბუკერმა ზუსტი სამქულიანი ჩააგდო და „სანზი“ წინ გაიჭრა, რის შემდეგაც უკან აღარც მოუხედავს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში კრის პოლი ნასროლ ბურთს თითქმის არ აცილებდა და ყველაფერს აგდებდა მეტოქის კალათში, დევინ ბუკერს კი „ნაგეთსის“ დაცვა უბრალოდ ვერ აჩერებდა.

„Point God”-ად წოდებულმა პოლმა 37 ქულა ჩააგდო (თამაშიდან 17-ჯერ ესროლა ბურთი და 13 ზუსტი იყო), დევინ ბუკერმა 34, შესაბამისად „ფინიქსმა“ 125:118 იმარჯვა და კლუბის ფრენჩაიზ რეკორდიც დაამყარა – „სანზმა“ მიმდინარე პლეიოფებში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო (3 ლეიკერსთან+4 დენვერთან).

შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3:52 წუთით ადრე დადგა, როდესაც რეგულარული სეზონის MVP-მ – ნიკოლა იოკიჩმა უხეში „ფოლი“ აიღო კამერონ პეინზე, თანაგუნდელს დევინ ბუკერი გამოექომოგა და დიდი გაწევ-გამოწევა ატყდა პარკეტზე. თავდაპირველად მსაჯებმა ბუკერს და იოკიჩს პირველი ხარისხის არასპორტული ფოლები მისცეს, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ სერბი კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს (მეორე ხარისხის არასპორტული).

ლიდერის გარეშე დარჩენილმა „დენვერმა“ ვეღარაფერი დაუპირისპირა მოტივირებულ „ფინიქსს“ და ამ მატჩის წაგებით, საპლეიოფო სერიაც 0:4 დათმო.

 

„სანზი“ კონფერენციის ფინალში „კლიპერსი“/“იუტას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება(ჯერჯერობით სერიას იუტა იგებს 2:1-ს).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *