მართლაცდა რა არის ჯიგარი? ღვიძლი რომ არის გასაგებია, მაგრამ მაშინ რას შეიძლება ნიშნავდეს მოწოდება „ჯიგრით ითამაშეთ“ — ღვიძლით ითამაშეთ? როგორც ჩანს, საქმე გვაქვს გამოთქმასთან, რომელსაც დაზუსტება სჭირდება.
ხუმრობა გვერდით იყოს და ცხადია, ფეხბურთელს ჯიგრით თამაშისკენ რომ მოუწოდებ, ესე იგი მონდომებას სთხოვ, მაგრამ სწორედ აქ იწყება გაურკვევლობა. შენ გგონია ფეხბურთელებს თვითონ არ უნდათ მოგება? — გეკითხება ერთი. რის თქმა გინდა, რომ ბიჭები პატრიოტები არ არიან? — ჩაგეძიება მეორე. ასეთი ფიზიკური მომზადებით რა ჯიგარს ითხოვ? — ხელებს გაშლის მესამე. ამ ტაქტიკით ჯიგრიანი თამაში შეუძლებელია, — აგიხსნის მეოთხე და შენც ვალდებული ხარ, უპასუხო.
ვაღიარებ, მე, როგორც ბლოგერს, სიტყვა ჯიგარი მიხსენებია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი ქართული სიტყვაა, მაგრამ არართხელ დამიწერია: ბიჭებო, თქვენ ჯიგარი გვაჩვენეთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გასაგებია, რომ ამ გამოთქმას ემოციურ, წამახალისებელ ტექსტებში ვიყენებ, რადგან ადექვატური კაცი ჯიგარზე და კუჭმაჭზე ანალიზურ წერილში ლაპარაკს არ დაიწყებს. ამიტომ, როდესაც ვამბობ, თქვენ ჯიგარი გვაჩვენეთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდებაო, კაპიტულანტური განწყობის წინააღმდეგ ვილაშქრებ. ბიჭებს, რომლებიც ჩემს ბლოგებს დიდი ალბათობით არ კითხულობენ, ვეუბნები, რომ ესპანელები, შვედები თუ კოსოვარები ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ, ქართველები და ოცი-ოცდახუთი წლის ბიჭს შენი თანატოლისთვის მხრის ჩადგმა არ უნდა მოგერიდოს. ხოლო, თუ მხარს უდგამ, თუ ეჯახები, კარში თუ გაბედულად ურტყამ, ხალხი ამას დაინახავს.
გასაგებია, რომ წაგება ცუდია და მას უჯიგრობის გარდა ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მონდომება და თავმოყვარეობა გვჭირდება.
მგონი რუსებმა იციან თქმა: შენ შენი გააკეთე და რაც მოხდება მოხდესო. აი, ამაზე მაქვს ლაპარაკი.
თუმცა, ასეც შეიძლება: გახვიდე მოედანზე, გინდოდეს მოგება, მაგრამ არ გაიქცე. სამშობლოსთვის გული შეგტკიოდეს, მაგრამ მაგიდის ფეხბურთის ფიგურასავით ერთ ადგილზე იყო ჩარჭობილი, მოწინააღმდეგე კი დარბოდეს. განა ასეთი შემთხვევები არ გვინახავს? წლების განმავლობაში ერთი იყო თუ ორი?
რატომ ხდება ხოლმე ასე? არ ვიცი. უფრო სწორად, ერთადერთი ახსნა მაქვს (ძალად წაგების თეორიებში მე ვერ ვერკვევი): ფიზიკურად შენ პატარა ბავშვის დონეზე ხარ, ის შენი უცხოელი თანატოლი კი ათლეტია. და თუ მართლა ასეა, მაშინ გინდა ჯიგარზე ილაპარაკე და გინდა სამწვადეზე.
არ დავასახელებ, მაგრამ იყო ერთი საერთაშორისო მატჩი, რომელშიც ქართული გუნდი ფრანგულს ხვდებოდა. რომ დამთავრდა, ერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა თქვა, მეტოქემ (კონკრეტულად დაასახელა) რომ ჩამირბინა, შემეშინდა ფილტვების ანთება არ დამმართნოდაო.
ასეთი შემთხვევაც მოუყოლიათ, მოწინააღმდეგე უბრალოდ გადამახტა და გზა გააგრძელაო.
ალბათ არც უამისობაა, მაგრამ მაინც მეეჭვება, რომ ყველა გვჯობია. ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი უმწეობის სურათს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუყურებთ, როდესაც საქართველოს ჩემპიონატის ისედაც ზოზინა გუნდი (ან გასაყიდი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული ნაკრები) ფსიქოლოგიურადაც ტყდება და ყოველმხრივ განწირული გადის მოედანზე, მაგრამ… ამ ცამეტი-თოთხმეტი წლის წინ, ზესტაფონი და ამერი ქართული გუნდები არ იყვნენ, ბრიუგეს და ჰერტას რომ ეტოლებოდნენ? კი ბატონო, ვერ აჯობეს, მაგრამ „ფილტვების ანთება“ ნამდვილად არ დამართნიათ. გამოუცდელობის და პირწმინდა საფეხბურთო ნიუანსების გამო წააგეს, თორემ არ დაჩაგრულან.
მეგონა, ჩვენი ფეხბურთის იმდროინდელი სტატუს-კვოდან რამდენიმე სწორ ნაბიჯს თუ გადავდგამდით, ერთ-ორ წელიწადში უკვე სხვა შედეგები გვექნებოდა, მაგრამ პოსტსაბჭოურ ქართულ ფეხბურთში, ხანგრძლივ ვადაში ხეირიანად როდის რა გამოსულა მაშინ რომ გამოსულიყო? ყოველთვის რაღაც ოხრობა უნდა მოხდეს და ისევ იმ წერტილში მოვახდინოთ ზღართანი, საიდანაც წამოვედით.
ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ფილოსოფიური მოდელი კი ხომ იცით რა არის? წრეზე სიარული. რომ ვერ გამოდიხარ.
მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, უნდა გამოვიდეთ. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. დროა საქმეში სწორედ ის ყბადაღებული ჯიგარი ჩავდოთ, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ.
ანუ რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ წავედით, წამოვედით და ბოლოს ისევ ჯიგართან დავბრუნდით.
როგორც ჩანს, მართლა კარგი რამ არის ეს ჯიგარი!… კიდევ, ტვინი და ნამუსი.