ფორმატი ბორჯღალოსნების გამო შეუცვლიათ

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წლეულს შეცვლილი ფორმატით ტარდება, პირველი ტურის მატჩები უკვე გაიმართა. ოთხი მატჩიდან სამში ფავორიტება დიდი სხვაობით მოიგეს. მხოლოდ ესპანეთმა, რომელიც ცნობილი სკანდალის გამო საგრძნობლად დასუსტებულია, მოუგო ნიდერლანდს გაჭირვებით 28:20.

“ფორმატის ცვლილება ჩვენთვის სასარგებლო არ არის. გათამაშებს სუსტი გუნდები დაემატა, რომლებთანაც ასპარეზობა ჩვენ არაფერს გვაძლევს. ვერაფერის ვიზამთ, მოცემულობა ასეთია და იძულებულნი ვართ შევაგუოთ” – თქვა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

აი, ის განცხადება, რაც რაგბი ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა ფლირან მარტიმ გააკეთა, საქართველოს რაგბის კავშირისგან მინიმუმ საპროტესტო ნოტას იმსახურებს.

“ბოლო ათ წელიწდში რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ცხაჯერ მოიგო. ვფიქრობ, ეს კარგი არ არის რაგბის განვითარებისთვის. როდესაც ჩემპიონი წინასწარაა ცნობილი ტურნირი ინტერესს კარგავს. სწორედ ამიტომ მოგვივიდა იდეა, ისეთი ფრომატი მიგვეღო, სადაც პლეი ოფის გამართვა იქნებოდა საჭირო. ხომ შეიძლება საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის კონკრეტული მატჩი ჩააგდოს, ან მისმა მეტოქემ აღმაფრენით ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში რაგბი ევროპის ახალ ჩემპიონს მივიღებთ” –  აი, ასე ბრიყვულად მსჯელობს ევროპული რაგბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

იმისა მაგივრად, რომ სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარებაზე და სრულფასოვანი ევროპის ჩემპიონატის გამართვაზე (ექვსი ერის ქვეყნების მონაწილეობით) იზრუნონ, ევროპული რაგბის მმართველი ორგანო ქართული რაგბის დაკნინებითაა დაკავებული.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *