საფრანგეთის ნაკრებმა, როგორც იქნა, მოიგო. ხუთმატჩიანი გაუმარჯვებელი სერიის შემდეგ. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, 7 სექტემბერს, ფინეთს 2:0 მოუგო.
მანამდე, ბოლოს, მათ 15 ივნისს გაემარჯვათ. ევრო 2020-ის პირველ ტურში. საინტერესოა, რომ მაშინ მათ გერმანელები დაამარცხეს. შემდეგ კი იყო ფრეები უნგრეთთან, პორტუგალიასთან, შვეიცარიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და უკრაინასთან.
აქედან ოთხი თამაში ფრანგებს უბრალოდ სტატუსის გამო უნდა მოეგოთ, რომ არაფერი ვთქვათ ინდივიდუალურ ოსტატობაზე. მოკლედ, ორ გამარჯვებას შორის თითქმის სამი თვე გავიდა.
ფინეთს გრიზმანის დუბლით მოუგეს. გრიზმანი ნაკრებში გატანილი გოლებით ლეგენდარულ პლატინის დაეწია. ახლა ორივეს 41 ბურთი მოუგროვდა.
ახლა მთავარი სათქმელის შესახებ. მხოლოდ ბოლოდროინდელი ფრეების გამო ფრანგების კრიტიკა უაზრობა იქნებოდა. მით უმეტეს, რომ რიგ შემთხვევებში სამფეროვნებს ფატალურად არ უმართლებდათ.
პრობლემა უფრი ღრმაა და ეს, ვთქვათ, ფინეთთან მოგება-არმოგებას არ ეხება. თუ ორ წინა ტურნირს, ევრო 2016 და მსოფლიოს 2018 ჩემპიონატს გავიხსენებთ, ფრანგები მეტოქეებთან დომინანტები არ ყოფილან. სანახაობრივ ფეხბურთზე აღარაფერს ვამბობთ. ეს იყო პრაგმატული, კონტროლის მანქანა, რომელიც თავდასხმაში მბაპესა და გრიზმანის ინდივიდუალურ ოსტატობას ეყრდნობოდა. მათ შესანიშნავად უთავისუფლებდა სივრცეებს ჟირუ. დაცვაში კი უნაკლოები იყვენენ.
დეშამმა შექმნა გუნდი, რომელიც მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ არაფრისგან გატანა შეეძლო და ამ მინიმალური უპირატესობის ყველაზე უკეთ შენარჩუნება ხელეწიფებოდა. ცხადია, ამას უმაღლესი ოსტატობა სჭირდებოდა. ასევე – კონცენტრაცია და ცივსისხლიანობა. კონცენტრაცია საკუთარ კართან და ცივსისხლიანობა მეტოქის კართან.
ახლა კი გუნდი შეიცვალა. ამას შედეგებიც მოწმობს. იგივე ლემარისა თუ კუნდეს ბავშვური შეცდომები მოწმობს, რომ გუნდში დისციპლინა მოიკოჭლებს. დისციპლინას კი ფეხბურთელები ქმნიან. მატიუდი წავიდა. ის ბოლო დროს გუნდური ბალანსისთვის ძალიან საჭირო კაცი იყო. შეიძლება საკმარისად სწრაფი არ გახლდათ, მაგრამ ყოველთვის იქ იმყოფებოდა, სადაც საჭირო იყო. აი, მის ადგილზე მოთამაშე რაბიო კი სხვანაირია. ის უარესად ირჩევს პოზიციას და ეს მთელ გუნდს ეტყობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაა. ერთი შეხედვით, მან მნიშვნელოვნად გააძლიერა გუნდი. ბოლო ევროზე ოთხი გოლი გაიტანა. სამფეროვანთა თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობს. მაგალითად, უკვე ნახსენებ ფინეთთან მატჩშიც გამოირჩა საგოლე პასით.
ჟირუსგან განსხვავებით, რომელსაც 2018-ის მუნდიალზე არცერთი ბურთი გაუტანია. მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ ბენზემას დაბრუნებით გუნდური ბალანსი ნაწილობრივ დაირღვა.
ბენზემა ფეთქებადი, შემქმნელი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია. სხვათა შორის, არაპროგნოზირებადი თანაგუნდელებისთვისაც. თუ ჟირუ პატიოსნად იდგა ხოლმე მეტოქე მცვლებს შორის და მბაპე-გრიზმანს სივრცეებს უქმნიდა, ბენზემა თავისუფლად გადაადგილდება მთელს მოედანზე და ასე ეძებს ეპიზოდის გამწვავების საშუალებას. ბენზემა, მბაპე, პოგბა, გრიზმანი – ესენი ყველა თავისუფალი მხატვრები არიან და ბევრი ხომ არ არის ერთი გუნდისთვის?
ასეთი წვრილმანები გროვდება და პრობლემად იქცევა. აი, მაგალიათად კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მინდორსგარეთაა მოსაგვარებელი. ეს გუნდის ერთიანობაა. შიდაგუნდური კონფლიქტების შესახებ ჭორებით ვერ ვისაუბრებთ. მაგრამ ამაზე ჩიოდა პოგბაც, ლორისიც.
ევროპის ჩემპიონატის წინ მბაპესა და ჟირუს კონფლიქტმა მედიაშიც კი გაჟონა. ჟირუმ მერე თითქოს ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ მბაპემ არ მიიღო.
მოკლედ, ცხადი ხდება, რომ დეშამმა რაღაცეები უნდა შეცვალოს თორემ პოგბას ბოლო განცახდებას გავიხსენებთ: ჟინი, აგრესია გვაკლია, ბოლომდე არ ვიხარჯებით და ასე არაფერი გამოვა და ვეღარაფერს მივაღწევთო.