საუდის არაბეთში დასრულდა ჩოგბურთის საგამოფენო ტურნირი, რომელშიც არაერთი ძლიერი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
Exhibition Diriyah Tennis Cup-ის შემადგენლობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: სტეფანოს ციციპასი, კამერონ ნორი, ნიკ კირიოსი, ტეილორ ფრიცი, ჰუბერტ ჰურკაჩი, სტენ ვავრინკა, მატეო ბერეტინი, ანდრეი რუბლიოვი, დომინიკ ტიმი, ალექსანდრ ზვერევი, დანილ მედვედევი.
დაძაბული ორთაბრძლების შემდეგ ტურნირის ფინალში ტეილორ ფრიცი და დანილ მედვედევი გავიდნენ. ამერიკელის და რუსის დაპირისპირებაც უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა.
პირველი სეტის მიმდინარეობისას დანილ მედვედევს 6 ბრეიკპოინტი ქონა მეტოქის 3 სხვადასხვა გეიმში, თუმცა დანილმა მათი რეალიზება ვერ შეძლო.
ვერ გამოყენებული შანსებისთვის რუსი დაისაჯა – ფრიცმა ტაიბრეიკი 7:5 მოიგო და სეტებში დაწინაურდა 1-0.
მეორე პარტიაც დაახლოებით ანალოგიური სცენარით განვითარდა: მედვედევი ძალიან მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, მეტოქისაზე კი სტაბილურად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე.
მეორე სეტში დანილმა 3 ბრეიკპოინტი “გაანიავა”, რისთვისაც ამჯერადაც დაისაჯა: ტაიბრეიკზე ამერიკელმა 7:3 იმარჯვა და მატჩი 2 პარტიაში მოიგო 7:6 7:6.
Exhibition Diriyah Tennis Cup-ის ტურნირის გამარჯვებულმა ტეილორ ფრიცმა საპრიზო თანხის სახით 1 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო, ფინალისტმა მედვედევმა კი ნახევარი მილიონი.