UFC-ს მსუბუქი წონა კვლავ დიდი ყურადღების ეპიცენტრშია. ამის მიზეზი დივიზიონის ელიტური მებრძოლების გარდა, საინტერესოდ განვითარებული მოვლენებია.
ხაბიბი დივიზონის ყველაზე დომინანტი ჩემპიონი იყო, კონტენდერები ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა და კარიერაც დაუმარცხებლად დაასრულა. ეს კი იყო შანსი, რომ სხვებსაც მოერგოთ მსუბუქი წონის ოქროს ქამარი. ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლის ყველაზე გამოკვეთილი პრეტენდენტი პორიე იყო, თუმცა მან ქამარზე ჩხუბს კონორთან ორი ბრძოლა ამჯობინა და საკმაოდ დიდი ფინანსური მოგებაც ნახა. ვაკანტურ ქამარს კი ოლივეირა დაეუფლა. საბოლოოდ, ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება ოლივეირა დასტინის სატიტულო ბრძოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა გამოჩნდა ნეიტი და გამოჩნდა ფულიც. მიუხედავად იმისა, რომ დენამ სიტყვიერად დაადასტურა, რომ დასტინის შემდეგი ბრძოლა ოლივეირას წინააღმდეგ იქნებოდა, ნეიტის გამოჩენამ პორიეს დიდი ფულის შოვნის კიდევ ერთი ალტერნატივა გაუჩინა.
დიაზისა და პორიეს ბრძოლა ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა დაპირისპირება პორიეს ტრავმის გამო ჩაიშალა. დიაზსაც გაახსენდა დაუსრულებელი საქმე, დაინახა პორიეს ფულისადმი ლტოლვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, დასტინი თვითერზე გამოიწივა. პორიემ პოსტი ორაზროვანი წარწერით გააზიარა “ნეითან?”.
განვითარებულ მოვლენებს მოქმედი ჩემპიონიც გამოეხმაურა – ” კონორთან ბრძოლამ პორიეს დიდი ფული აშოვნინა, ნეიტთან ბრძოლასაც იგივე შედეგი ექნება, არ გამიკვირდება, ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ”.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, თუმცა ფაქტი ერთია – პორიეს ფულსა და ქამარს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.