ფული, მზე, პერსპექტივა… რატომ ჩამოდიოდნენ ლიეტუველები საქართველოში?

საქართველო და ლიეტუვა. მაშინ ლიტვას ვეძახდით… ბევრმა იცის, ბევრსაც არ ეცოდინება, რა დონის ლიეტუველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საქართველოს კლუბებში. ეს პირველ-მეორე-მესამე ეროვნულ ჩემპიონატებში.

ლიეტუვა იმ პერიოდში ყველაზე მოძმე ქვეყანა იყო საქართველოსთვის. ყველაზე ანტისაბჭოთა, რასაც მათი ლეგენდარული კალათბურთელი არვიდას საბონისი არც მალავდა. საბონისს კი დიდი წონა ჰქონდა (არაპირდაპირი მნიშვნელობითაც).

ფეხბურთში პირველად საქართველო გავიდა საბჭოეთის ჩემპიონატიდან და მეორე – ლიეტუვა… ლოგიკურიც იყო, რომ 1990 წლის 27 მაისს ერთმანეთში ითამაშეს სანაკრებო მატჩი. პირველი ისტორიაში. 2:2 თბილისში, თითქმის სავსე სტადიონზე.

და მერე ზედიზედ ჩამოვიდნენ ქართულ კლუბებში ლიეტუველები. და საბჭოეთის ბოლო წლებში, ობიექტურად, ვილნიუსის ჟალგირისი თბილისის დინამოზე უკეთესი გუნდი იყო – ორჯერ გავიდა ევროტურნირებზე. ლიეტუვას სხვა მაგარი თაობა არც მანამდე ჰყოლია და არც მას შემდეგ. ის ერთხელ იყო.

ჩამოვთვალოთ. ლანჩხუთის გურიაში ჩამოვიდნენ შემტევი ნახევარმცველი რობერტას ფრიდრიკასი და მცველი რომას მაჟეიკისი.

Robertas Fridrikas (born 8 April 1967) FK Austria Wien Forward (1991–1994)

სწორედ ფრიდრიკასი იყო პირველი ლეგიონერი, რომელმაც ქართულ ლიგაში გოლი გაიტანა. და მხოლოდ ერთი? 11 ბურთი შეაგდო იმ სეზონში, მაჟეიკისთან ერთად საქართველოს თასიც მოიგო.

რობერტას ფრიდრიკასს ლიეტუვაში მაგარი მეტსახელი ჰქონდა – გარინჩა… 1987 წელს მისი დუბლით ვილნიუსის ჟალგირისმა უეფას თასზე შვედურ გიოტებორგს მოუგო – 2:0. არადა, გიოტებორგს წინა წელს უეფას თასი ჰქონდა მოგებული. რობერტას ფრიდრიკასმა გურიის მერე ვენის აუსტრიასა და მოსკოვის ლოკომოტივში ითამაშა.

გურია ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბი იყო და შედარებით სუსტებშიც იყვნენ ლიეტუველები: თქვენ წარმოიდგინეთ, რანგით მეორე ლიგის თელავს ჰყავდა მეკარე ალვიდას კონციავიჩუსი – ასევე ჟალგირისში, სსრკ ჩემპიონატში ნათამაშევი კაცი.

ლიეტუველი მეკარე ჰყავდა უმაღლესლიგელ ხაშურის ივერიასაც, თანაც,  ნაკრების მეკარე – ალგიმანტას ბრიაუნისი. სხვათა შორის, მას გავესაუბრეთ და თბილად გაიხსენა საქართველო, თითოეული თანაგუნდელი მახსოვსო. ბრიაუნისის დროს ივერია მოგვიანებით გადათამაშებაში გავარდა უმაღლესი ლიგიდან – თბილისის მრეტებთან წააგო.

ლიეტუვის მასშტაბით ერთ-ერთი მაგარი ფეხბურთელი იყო ნახევარმცველი ვირგინიუს ბალტუშნიკასი და 1990 წელს თამაშობდა გალის მზიურში.

ბალტუშნიკასმა პირველ ეროვნულ ჩემპიონატში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის, თბილისის დინამოსთან (იბერია) გადამწყვეტი – 3:2…

მერე გერმანიის მაგდებურგში ითამაშა, ლიეტუვის ნაკრებში კი 42 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გზა გალის მზიურიდან. მასთან ერთად მზიურში იყო იანის პეტრაუსკასიც – თუმცა ბალტუშნიკასის დონის არ გახლდათ.

ზუგდიდის ოდიშში იყვნენ შემტევი რიჩარდას ზდანჩუსი და საყრდენი პაულიუს ვაინეკისი. ზდანჩუსი უფრო გამორჩეული, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სხვა უცხოელებიც იყვნენ: ბელარუსები, უკრაინელები, რუსებიც, თუმცა ისინი თითო-ოროლა. ლიეტუველები სჭარბოდნენ.

და რატომ ჩამოდიოდნენ? მიზეზები: 1990 წელს ლიეტუვამ საკუთარი ჩემპიონატი ვერ ჩაატარა. ეცადნენ ბალტიისპირეთის ლიგის გაკეთებას (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ერთად), მაგრამ ბევრი თამაში ჩაიშალა, ორგანიზაციული პრობლემები შეექმნათ, თავი ვერ მოაბეს…

თან საქართველომ ზეიმით გამოაცხადა საბჭოური ფეხბურთისგან გამოყოფა, ყველამ გაიგო, რომ 1990 წლის გახსნის მატჩზე (იბერია-კოლხეთი ფოთი 0:1) სტადიონზე 75 000 კაცი მოვიდა.

თან, ქართულ გუნდებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ფული – სანამ ომები დაიწყებოდა და ეკონომიკა დაიქცეოდა. თან ამინდი, მზიანი ქვეყანა. მოკლედ, რამდენიმე ფაქტორი ერთად.

Leave a comment

Your email address will not be published.