ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსული პასპორტი აიღო და შესაბამისად რუსეთის მოქალაქე გახდა. ინფორმაცია Sports.ru-მ გაავრცელა.
20 წლის ქუთათელაძე სპარტაკის მეორე გუნდში თამაშობს. რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მან 41 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ნიკას საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში 4 მატჩი აქვს ნათამაშები.
ნიკამ ვარჯიში პრაღის სპარტას აკადემიაში დაიწყო, შემდეგ იყო ლილის აკადემია, გარკვეული პერიოდი კი პსჟ-ს აკადემიის ერთერთ ფილიალში დაჰყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ რუსული პასპორტი ქართული წარმომავლობის კიდევ ერთმა მოთამაშემ აიღო. საუბარია გიორგი ჯიქიაზე, რომელიც დღეს რუსეთის ნაკრების ფეხბურთელია.