ქართული ფეხბურთი 2021 – რა გვაჩვენა ხარის წელმა

მორიგი წელიც მიილია, 2021 გავაცილეთ და საახალწლო სუფრის, მილოცვების და ახლობელი ადამიანების მონახულების შემდეგ, გვსურს ქართული 2021 საფეხბურთო წლის ერთად მიმოვიხილოთ.

რომ ვთქვათ, რომ რაიმე განსაკუთრებული იყო კარგი ან ცუდი კუთხით ალბათ არა, მაგრამ საინტერესო წელი გამოვიდა. მიზეზებზე ქვემოთ მოგახსენებთ.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებს 2021 წელს ახალი მწვრთნელი ჰყავდა ვილი სანიოლის სახით. იმას აღარ მოვყვებით თუ ვისთან და როგორ ითამაშა ეროვნულმა გუნდმა, თუმცა რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. 2021 წელს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 14 ფეხბურთელს ჰქონდა, რაც ნამდვილად იშვიათობაა. წლის საუკეთესო მატჩი გუნდმა ბათუმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო როცა თამაშის ხარისხიც და შედეგიც გვაკმაყოფილებდა. ამაში დიდი წვლილი გულშემატკივრებმაც შეიტანეს, რომლებიც გულმხურვალედ ქომაგობდნენ გუნდს. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა თუ რა საჭიროა გულშემატკივრები ტრიბუნებზე. ნაკრების ყველაზე უღიმღამო მატჩს კოსოვოსთან შინ 0:1 წაგებულ შეხვედრას მივიჩნევთ, სადაც არც თამაში და ცხადია არც შედეგი არანაირად არ იყო დამაკმაყოფილებელი

საქართველოს ჩემპიონატი

ისტორიაში პირველად დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლო წლების ტრადიცია გრძელდებოდა და მთავარი ფავორიტები კვლავ დინამოები იყვნენ. საბოლოოდ გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედლები დამსახურებულად აიღო. წინა ჩემპიონატში კვლავ აქტუალური იყო მსაჯების პრობლემა,  თუმცა ასევ იყო ბევრი საინტერესო თამაში, ლამაზი მომენტები და რამდენიმე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი. ეროვნული ლიგა სამტრედიამ და ქობულეთის შუქურამ დატოვეს, უძლიერესთა რიგებში ბოლნისის სიონი და გაგრა აღზევდნენ. სიონმა ეროვნული ლიგა 2 დამაჯერებლად მოიგო, გაგრამ კი პლეი-აუტში შუქურა გამოაგდო. ეროვნულ ლიგაში აღზევება მარტვილის მერანსაც შეეძლო, თუმცა პლეი-აუტში გამარჯვება ქუთისის ტორპედოს დარჩა.

ევროტურნირები

სამწუხაროდ ევროტურნირების მორიგი სეზონი მიმდინარეობს ქართული გუნდების გარეშე. 2021 წელს ერთი ქართული გუნდიც კი ვერ მოხვდა თუნდაც კონფერენს ლიგის პლეი-ოფში. ამასთან ყველაზე ახლოს დინამო ბათუმი იყო, თუმცა აჭარლებისთვის სივასპორი გადაულახავი ბარიერი გამოდგა. გაგრამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ევროპულ ფეხბურთზე, ასევე პირველივე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა გორის დილამ, დინამო თბილისი კი ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა ისე რო ერთი გუნდიც არ გაუვლია, შემდეგ კონფერენს ლიგის. სამწუხარო ტრადიცია ამ მხრივაც გრძელდება და ვისურვოთ, რომ 2022-შიწინსვლა გვექნება.

საქართველოს თასი

ისტორიაში მეორედ საქართველოს თასი საბურთალომ მოიგო. ლევან კორღალიძემ, რომელიც გუნდში დაახლოებით 1 თვის დაბრუნებული იყო, გუნდი მშვენივრად მოამზადა და თბილისელებმა ფინალში სამგურალს 1:0 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებს 1/2 ფინალიც საკმაოდ მძიმე მატჩი ჰქონდათ, სადაც დინამო ბათუმი 2:1 დაამარცხეს. საბურთალომ საქართველოს თასი პირველად 2019 წელს მოიგო, უკვე შარშან კი მეორედ.

ლეგიონერები

რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს საკლუბო დონეზე მართლაც კარგი წელი ჰქონდა. პერიოდული ჩავარდნების მიუხედავად, მაინც გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს, ასევე გამორჩეული იყო საბა ლობჟანიძე, რომლისგანაც თურქეთში ხშირად ვხედავთ გოლებს თუ საგოლე გადაცემებს, ანორთოსისმა 2021 წელს კვიპროსის თასი მოიგო და ამაში დიდი წვლილი თემურ ქეცბაიასთან ერთად გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეიტანეს, კარგად მოერგო ურალს ზურიკო დავითაშვილი, აღსანიშნავია მის მიერ ზენიტის კარში გატანილი გოლი, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, რომლებიც ვლადიმირ ვაისის სლოვანში ლიდერები არიან, გრაცის შტურმის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმირებულია და სავარაუდოდ ზამთარში გამოჯანმრთელდება.

2021

2021 წელს რამდენიმე გამონათების გარდა ბევრი არაფერი სასიკეთო სიახლე არ გვინახავს, კვლავ მომავლის იმედი და ოპტიმიზმი, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. საახალწლო სურვილებში ერთ-ერთი ისიც ყოფილიყოს, რომ ამ წელს როგორც მინიმუმ წინაზე მეტად გავეხარებინოთ ქართულ ფეხბურთს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *