ქენონიე – ბურთის მომწოდებელი გმირი და საქართველო

ოკლი ქენონიე – ეს არის ყველაზე ცნობილი ბოლ-ბოი (ბურთის მომწოდებელი ბიჭი), რომელიც ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდშია. რა შუაშია ქართველებთან? დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა: ინგლისი-საქართველო 6:0…

და ამ ბოლ-ბოიმ, ოკლი ქენონიემ ორი გოლი გაუტანა ქართველებს. 18 წლისაა ქენონიე.

ახლა გავიხსენოთ, რა გააკეთა სამი წლის წინ ამ ბიჭმა, რომელიც იუბილარი იყო იმ დღეს. ის მომენტი გულშემატკივრების დიდმა უმრავლესობამ იცის… ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლივერპულს ბარსელონასთან 0:3 ჰქონდა წაგებული და შინ თითქოს უშანსოდ იყო, მაგრამ 4:0 მოატრიალა.

ბოლო გოლი ასე გავიდა: მე-80 წუთი იყო, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი კუთხურს აწვდიდა და ალბათ არც იჩქარებდა, რომ არა ის 15 წლის ბიჭი, რომელმაც სწრაფად მიაწოდა ბურთი. არნოლდმაც უცებ ჩააწოდა და იქ დივოკ ორიგიმ გაიტანა.

და ფინალში გავიდა. იქ კი ტოტენჰემსაც მოუგო და თასი ასწია.

15 წლის ბიჭი ოკლი ქენონიე იმ მოქმედების გამო გმირი გახდა. მასზე იურგენ კლოპმაც ისაუბრა, პირადად შეხვდა და მადლობა გადაუხადა.

ჰოდა,აი გაიზარდა ქენონიე. ახლა ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და დიდი შანსია, ლივერპულის მთავარ გუნდშიც მოხვდეს. რაღა აკლია?!

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *