40 წლის მაიკლ ქერიკი მანჩესტერში 2006 წელს, ტოტენჰემიდან გადავიდა. ლონდონელებმა ის 18 მილიონ გირვანქად გაყიდეს. ამის შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ქერიკი მანჩესტერის ფეხბურთელი იყო. მან 464 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა. არსენალთან 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ კი რალფ რანგნიკის ასისტენტობას საყვარელ კლუბთან გამოთხოვება არჩია. დაიხურა ქუდი და წავიდა.
მას მერე, რაც მანჩესტერმა თანამდებობიდან ოლე გუნარ სულშერი მოხსნა, ქერიკი მის მოვალეობას ასრულებდა. ის მანჩესტერელთა ახალი, მაგრამ მაინც დროებითი მწვრთნელის რალფ რანგნიკის მოსვლამდე სამ შეხვედრაში გაუძღვა გუნდს. მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგაში სძლია ვილიარეალს, პრემიერლიგაში ფრედ ითამაშა ჩელსისთან და მოუგო არსენალს.
ქერიკმა თქვა: „თხუთმეტი წლის წინ, როდესაც ამ დიდ კლუბში გადმოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ტიტულს მოვიგებდი. არასდროს დამავიწყდება დრო, რომელიც აქ ფეხბურთელისა და ერთ-ერთი მწვრთნელის რანგში გავატარე, მაგრამ, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახლა წასვლა ჯობს. დიდი მადლობა ყველა ფეხბურთელსა და თანამშრომელს.
მე ყოველთვის მანჩესტერის ფანად დავრჩები და როდესაც კი შესაძლებლობა მექნება, მხარის დასაჭერად სტადიონზე მოვალ. რალფს, მწვრთნელთა შტაბსა და ფეხბურთელებს დიდ წარმატებას ვუსურვებ.
ფეხბურთის თამაშს თავი რომ დავანებე, ოჯახს მათთან ყოფნას დავპირდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა მინდა ეს დანაკლისი ავანაზღაურო. გარკვეული პერიოდი უნდა დავისვენო. მაგრამ, არ გავქრები. აუცილებლად დავბრუნდები ფეხბურთში“.