1996 წლის 24 თებერვალს პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. მანჩესტერ სიტი ნიუკასლს შეხვდა და ამ თამაშის უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გახლდათ. ჩვენებურმა შესანიშნავი დრიბლინგებით, ფინტებით და პასებით კაჭკაჭებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995-98 წლებში თამაშობდა და 120 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ქალაქელთა რიგებიდან იგი აიაქსში გადავიდა. შემდეგ იყო დერბი ქაუნთი, ანორთოსისი და ყაზანის რუბინი. ქინქლაძემ საქართველოს ნაკრებში 54 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.