გიორგი ქინქლაძე ქართული ფეხბურთისთვის გამორჩეული ფიგურაა. ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა, თავი უამრავ ქომაგს შეაყვარა. პასი, დრიბლინგი, ცრუ-მოძრაობა, გოლი… გიოს ეს ყველაფერი ჰქონდა და ფეხბურთს ლამაზად თამაშობდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევს, კარიერის გამორჩეული პერიოდი მანჩესტერ სიტიში ჰქონდა, სადაც 1995-98 წლებში თამაშობდა. ქინქლაძემ პრემიერლიგაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ნიუკასლის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 1996 წლის 24 თებერვალს გაიმართა და რომელშიც ქინქლაძემ კაჭკაჭებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
გიორგი ქინქლაძემ კარიერა მრეტებში დაიწყო. შემდეგ იყო დინამო თბილისი, ზაარბრიუკენი, მანჩესტერ სიტი, აიაქსი, დერბი, ანორთოსისი და ბოლოს ყაზანის რუბინი. ქინქლაძემ საქართველოს ნაკრებში 54 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.