საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიო რაგბის რეგიონალური (ევროპის) მწვრთნელთა განათლების მიმართულების მენეჯერი დანიელ მიტრეა, რომელიც რაგბი პლატოზე გამართულ პირველი დონის სემინარებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო.
სტუმარი ნანახით კმაყოფილი დარჩა და ქუთაისში რაგბის სასწავლო რებიონული ცენტრის შექმნის იდეით გამოვიდა.
„მოხარული ვარ, რომ მოვახერხე ჩამოსვლა და ადგილზე გავეცანი დღეს არსებულ სიტუაციას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართველი გადამზადების სპეციალისტები შესანიშნავად მუშაობენ. მათ არ დაუკარგავთ საჭირო უნარები. ასევე, დაახლოებით წელიწადნახევრიანი ონლაინ-შეხვედრების შემდეგ, სასიამოვნო იყო მათი პირადად გაცნობა. ეს ორი დღე საინტერესო დისკუსიებში გავატარეთ და ვმსჯელობდით იმ გზებზე, რა გზითაც უნდა გაგრძელდეს კადრების გადამზადება.
ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ, რომლებმაც კიდევ უფრო უნდა გაააქტიუროს საქართველოში სპეციალისტთა მომზადების საკითხი. ამაყი და კმაყოფილი ვარ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრით. უმნიშვნელოვანესია, რომ სპეციალისტთა მომზადება და განათლება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზეც – როგორ ჩავატაროთ საქართველოში შვიდკაცა რაგბის მეორე დონის სამწვრთნელო კურსები. როგორ წარმოგვიდგენია ეროვნული სასწავლო ცენტრის ფუნქციონირება. როგორ უზრუნველვყო საერთაშორისო სასწავლო კურსების ორგანიზება ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში. ეს არ დარჩება თეორიული საუბრების დონეზე და მაქსიმუმ ორ წელიწადში, საქართველო იქნება ისეთივე ლიდერი რეგიონში სპეციალისტთა მომზადების კუთხით, როგორი ძლიერი და ლიდერიც მოედანზეა”. – თქვა დანიელ მიტრეამ.