“დღეს ფეხბურთი მოსაწყენია”; კაცი, რომელიც იცინის

ყველა დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა მარჯვენა მცველმა კაფუმ დღევანდელი ფეხბურთის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. აქ პრობლემებზეა და გვსურდა სერიოზული, ან ნაღვლიანი კაფუს ფოტო დაგვედო, მაგრამ ასეთს თითქმის ვერ ნახავ – სულ მომღიმარია, ან იცინის ხოლმე…

შეგახსენებთ, ბრაზილიელი კაფუ ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოს სამ ფინალში აქვს ნათამაშევი: 1994, 1998, 2002.

„ჩვენ დროს მეტი იყო ფეხბურთი და ნაკლებად – ტექნოლოგია. ახლა პირიქითაა. ვფიქრობ, ეს პრობლემაა. ბურთი თამაშში უფრო ხშირად უნდა იყოს. თითქოს ფეხბურთში დონე გათანაბრდა, მაგრამ ვფიქრობ, გრანდების დონე დაეცა.

…ტექნოლოგია მოქმედებს თუ არა სანახაობაზე? კითხვაზე კითხვით: ადრე ტექნოლოგია არ იყო, მაგრამ ფეხბურთი იყო მშვენიერი, ხომ ასეა? დინამიკური, თავისი შეცდომებით, მეორე დღეს ყველა კამათობდა. ახლა ფეხბურთი რობოტულია, იკარგება არსი, კამათი აღარაა. უყურებ მატჩს და ელოდები წუთს, ორ წუთს, ზოგჯერ ხუთ წუთსაც, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს მანქანა. ვფიქრობ, ეს სანახაობაზე მოქმედებს.

…ამიტომაც, ახლა უფრო ხშირად მოვიწყენ ხოლმე ფეხბურთის ყურების დროს. ბევრი პაუზაა. წაიქცევა ერთი ფეხბურთელი, მერე მეორე, თამაში ხუთი წუთით ჩერდება და ასეა უსასრულოდ“. (Marca)

კაფუმ კონკრეტულად ბრაზილიურ ფეხბურთზეც გაამახვილა ყურადღება.

„ქუჩის ფეხბურთის კულტურას ვკარგავთ. იკარგება ბავშვობის მთავარი ინტერესები, ბურთით თამაში ქუჩაში, პლაჟზე… ეს ყველაფერი სმარტფონებისა და კომპიუტერების გამო. ბავშვები ხშირად უნდა გამოდიოდნენ გარეთ, იცინონ, ზოგჯერ იტირონ, თუნდაც ველოსიპედიდან გადმოვარდნენ, ბურთი სახეში მოხვდეთ. ესაა ბავშვობა.

…ტალანტები? ბრაზილიას ყოველთვის ეყოლება ტალანტები, მაგრამ იმდენი არა, როგორც ადრე“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *