18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა. სანამ ასეთ ადამიანზე სტატიას დაიწყებ, ფიქრობ, საიდან დაიწყო, რა მიმართულებით, რომ მკითხველს მოეწონოს და რაიმე ახალი გაიგოს.
ინტელექტი, აზროვნება, ნატიფი ტექნიკა – გაერთიანებული იყო დავით ყიფიანში და თბილისის დინამოს ის ოქროს წლები ვერ შედგებოდა მის გარეშე. მაშინდელ დინამოში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობდა, მეტიც, ყიფიანზე კარგი კარიერა ჰქონდათ საბჭოეთის ნაკრებში, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ 10 ნომერი ქმნიდა განსხვავებას სხვა გუნდებთან.
ერთი ამბავი: 7-8 წლის წინ მივლინებით ვიყავით თურქულ შეკრებაზე. იქ ჩეხი ჟურნალისტი სტანისლავ ჰრაბე გავიცანით, საშუალო ასაკის კაცი. პოპულარული ჩეხური Denik Sport-ის რედაქტორი. საქართველო რომ გაიგო, მაშინვე დინამო თბილისი და ყიფიანი ახსენა. თუმცა კი არ ახსენა, ქებით დაიღვარა. ჩავიწერეთ კიდეც:
“ყიფიანის ავტოგრაფი მაქვს. მახსოვს, ძალიან ელეგანტურად მოძრაობდა. ჩვენთან, ჩეხეთში ასე ვერ თამაშობენ, სხვა სტილი გვაქვს…”
ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი და თენგიზ სულაქველიძეც თქვა, თუმცა აქცენტი ყიფიანზე ჰქონდა გადატანილი. დაგვაინტერესა, ავტოგრაფი საიდან ჰქონდა.
“ჩეხოსლოვაკიის ფეხბურთის ფედერაციის 80 წლის იუბილეზე (1981 წელს), ჩვენი ნაკრები ევროპის ვარსკვლავების ნაკრებს ეთამაშა. ყიფიანი იმ დროს დაფრინავდა. 81-ში თქვენ თასების თასიც ხომ მოიგეთ?”…
მეორე ამბავი: ბავშვობის პასი… 80-იანებში გულშემატკივრები პასებზე რომ დაიწყებდნენ საუბარს, ქართველებიდან აუცილებლად ყიფიანი უნდა ეთქვათ და უცხოელებიდან – ზიკო.
ყიფოს გენიალურ პასებს რა ჩამოთვლის, მაგრამ ერთი განსაკუთრებით გვინდა გავიხსენოთ. როტერდამში, ფეიენოორდთან თასების თასის ნახევარფინალში. სად დაინახა რამაზ შენგელია და რა ნატიფი გადაცემა შეასრულა, რბილად, მილიმეტრებში. სხვა რომ არაფერი, მარტო ამ ერთწამიან მოძრაობაში ჩანდა, რა დონის ფეხბურთელი იყო.
და ეს გოლი რომ არ ჩაითვალა და თამაშგარე დააფიქსირეს, და საერთოდ რა მსაჯობა იყო იმ დღეს, სხვა თემაა.
(ვიდეოში 2:15 – 2:37)
მესამე ამბავი: დავით ყიფიანის გაწვრთნილმა იაროსლავლის შინიკმა 1998 წელს ინტერტოტოზე მოუგო კლაუდიო რანიერის ვალენსიას. დღევანდელივით ჩავარდნილი ვალენსია არ გეგონოთ, იმ გუნდმა ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და კიდევ ერთ წელიწადში მეორედ გავიდა ფინალამდე. ხოლო ყიფოს გუნდთან შეხვედრამდე სამიოდე თვით ადრე ერთიკვირის ინტერვალში 3-ჯერ დაამარცხა ბარსელონა (ორჯერ თასზე, ერთხელ ლა ლიგაში).
გაისკა მენდიეტა, კლაუდიო ლოპესი, სანტიაგო კანისარესი, შტეფან შვარცი, მიგელ ანგულო, ჟოსელინ ანგლომა, ამადეო კარბონი… აი, ეს ფეხბურთელები იყვნენ მოედანზე და ყიფოს გუნდს ვერაფერი მოუხერხეს. მართალია, ვალენსიას შინ 4:1 ჰქონდა მოგებული და საბოლოოდ გავიდა, მაგრამ ის 1:0 იაროსლავლში სენსაცია იყო… სპარტაკმა, ცსკა-მ, ლოკომოტივმა ან ზენიტმა კი არა, პატარა შინიკმა მოუგო!
ვერც იმას იტყოდი, ვალენსიამ ფეხბურთელები დაასვენაო. საუკეთესო შემადგენლობით იყო ჩასული რუსეთში. ეგაა, ტბა იყო მოედანზე, მენდიეტა წყალში იდგა და ისე ჩააწოდა კუთხური…
აი, რა თქვა მაშინ ყიფიანმა: „2:0 რომ გამხდარიყო, დარწმუნებული ვარ, სამხრეთელები ანერვიულდებოდნენ. ისინი გერმანელები არ არიან. შეგიძლიათ მენდოთ: მე თვითონ სამხრეთელი ვარ. დღეს სტადიონზე მოსული გულშემატკივრები ნამდვილ სიამოვნებას მიიღებდნენ იმით, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა ევროპულ გრანდზე უკეთ ითამაშა. დიახ, ვალენსიას ჰყავს ვარსკვლავები, რომელთა საერთო ფასი 100 მილიონ დოლარს აღემატება, მაგრამ ბიჭებს თამაშამდეც ვუთხარი: იცოდეთ, თქვენი ფასი ჯერ თავადაც არ იცით“.
რას ჰყვებოდა ყიფიანზე მაშინდელი შინიკის ნახევარმცველი არტიომ ენინი: „მან მითხრა: „ღირსეულად ითამაშე, რათა შვილებს მოუყვე, ვალენსიასთან „დავხაზეო“ და არა ციმბირში ვსრიალებდიო. ყიფიანმა ყვირილი თუ იცოდა? ნაკლებად. პირდაპირობა და კეთილგანწყობა _ აი, მისი ხასიათის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხები. ყიფიანი სოლიდური, მშვიდი და განათლებული პიროვნება იყო. ლაპარაკობდა საქმეზე და რაც მთავარია, ფეხბურთელების შრომას აფასებდა. ის მართლაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელი გახლდათ და ჩვენ ყველამ ვიცოდით, რა დონის ფეხბურთელი გახლდათ“.
ეს მოხდა ყიფოს გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე.