შავი ლომი ენისეის მეტრეველზე დაუპირისპირდება

შავი ლომი 2021/22 წლების რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადადებულ შეხვედრას 6 მარტს, სოჭში გამართავს.

ქართული ფრანჩაიზას  მეტოქე რუსეთის ბოლო ხუთი სეზონის რუსეთის უცვლელი ჩემპიონი კრასნოიარსკის ენისეი იქნება და თამაში „სლავა მეტრეველის სტადიონზე“ საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

მატჩი სოჭში 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო, რუსეთმა მაშინ საზღვრები ჩაკეტა და შავი ლომი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა.

5-5 თამაშის შემდეგ, სუპერ თასის ნახევარფინალში ორივე გუნდი გასულია, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა ვინ დაიკავებს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ერთრაუნდიან ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.

შავმა ლომმა რუსეთის ჩემპიონი ავჭალაში 27-20 დაამარცხა, ჯამში 20 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ენისეი მას 4 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი ესპანურ იბერიანზს უმასპინძლებს, მეორეადგილოსანი კი ლუზიტანუშს პორტუგალიაში ეწვევა.

ნახევარფინალური შეხვედრები 16 აპრილსაა ჩანიშნული, ფინალი კი, 8 მაისს გაიმართება. სად შედგება რაგბი ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების ბოლო შეხვედრა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

Leave a comment

Your email address will not be published.