ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში მრავლად არიან ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ქართველი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს. ერთ-ერთი მათგანი 19 წლის შაკო ოგბაიძეა, რომელიც გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ბინადარ ვიქტორია ბერლინში თამაშობს. ოგბაიძე აქამდე ვიქტორია ბერლინის მეორე გუნდში გამოდიოდა, მას კარგი თამაში დაუფასდა და ეს სეზონი მთავარ გუნდში დაიწყო.
შაკო ვიქტორია ბერლინში მთავარი გუნდში ახალი გადასულია. მას ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა მისი ეიმედებათ და ვისურვოთ, რომ გერმანელთა იმედები გაამართლოს და წინსვლა ჰქონდეს.
Leadersport.ge ახალგაზრდა ფორვარდს გერმანიაში დაუკავშირდა და შეეცადა გულშემატკივრებისთვის უკეთ გაეცნო.
– სად და რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?
-5 წლის ვიყავი როცა ირაოში მივედი. ეგ პერიოდი კარგად მახსოვს, არასდროს დამავიწყდება როცა პირველივე ვარჯიშზე 10 გოლი გავიტანე. ირაოში 3 წელი გავატარე, შემდეგ კი გერმანიაში წავედი.
– როგორ მოხვდი გერმანიაში?
– ოჯახური სიტუაციის გამო გადმოვედი. შემდეგ ბერლინის ნაკრებში მოვხვდი, სადაც ლევან კობიაშვილი გავიცანი. გარკვეული პერიოდი სწორედ ის მავარჯიშებდა.
– რამდენად მალე შეეწყვე უცხო გარემოს?
– თავიდან მიჭირდა, რადგან არც ენა ვიცოდი და ბევრსაც არავის ვიცნობდი. შემდეგ ადაპტაცია გავიარე. მოგეხსენებათ აქ ფიზიკურ კონდიციებს დიდ ყურადღებას აქცევენ და მაგ მხრივაც გამიჭირდა. შემდეგ ნელ-ნელა ამაში მოვუმატე და ეხლა ასე თუ ისე ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. დროთა განმავლობაში კარში დარტყმა, პასები, დრიბლინგი გავაუმჯობესე.
– ამჟამად ვიქტორია ბერლინის ფეხბურთელი ხარ. რა არის გუნდის და პირადად შენი გეგმები?
– ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შორის ისეთები, რომლებსაც ბუნდესლიგა აქვთ არამხოლოდ ნათამაშები, არამედ მოგებული. ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ და ვცდილობ უფროსებისგან გამოცდილება მივიღო. მინდა რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მქონდეს და ვპროგრესირებდე. რაც შეეხება გუნდის მიზნებს, უახლოეს 2 წელიწადში მეორე ბუნდესლიგაში გადასვლა გვაქვს მიზნად დასახული. კონტიგენტიდან გამომდინარე ამის რეალური შანსია. გარდა ამისა ამხანაგურ თამაშებს ძლიერ გუნდებთან ვატარებთ და ესეც ბევრს ნიშნავს. 3 კვირის წინ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ლაიფციგს შევხვდით. ასეთი დონის გუნდთან თამაში ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
– ასაკობრივი ნაკრებებიდან თუ გაქვს მოწვევები?
– 17 წლამდელებში და 19 წლამდელებში რამდენჯერმე გამომიძახეს. იმედია 21 წლამდელებშიც მიხმობენ. ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.
– როგორი სტილის ფეხბურთი მოგწონს? რომელ გუნდს გულშემატკივრობ და ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი?
– სწრაფი და შემტევი სტილის მოყვარული ვარ. ამიტომაც ხშირად ვუყურებ ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატებს. საყვარელი გუნდი ბარსელონაა, ფეხბურთელი კი მესი.
– და ბოლოს, ვის მიუძღვის შენ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი?
-ჩემს ოჯახს, ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან და მათი ძალიან მადლობელი ვარ.