ლუკა მოდრიჩს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და აქედან გამომდინარე მის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, რეალი მას კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივებს.
ხორვატი ნახევარმცველი სამეფო გუნდში 2012 წლის ზაფხულში ტოტენჰემიდან გადავიდა. ამ ტრანსფერს თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ. მეტიც, იმ წელს Marca-მ იგი ესპანეთის წლის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დაასახელა, თუმცა ლუკა რეალის ლეგენდა გახდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი.
36 წლის მოდრიჩმა რეალთან ერთად ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება თავად სამეფო გუნდს, ანჩელოტის შეგირდები ლა ლიგაში 49 ქულით პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ სევილიას 5 ქულით უსწრებენ. სამეფო გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს შეხვდება.