პოლონეთის ქალაქ გდინაში გრძელდება WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომელზეც წარმატებით ასპარეზობს ეკო გორგოძე.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ ეტაპზე 7:6 6:2 სძლია ვარვარა ლეპჩენკოს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, თუმცა 2:2-ზე ვარვარამ ბრეიკი გაახერხა და 3:2 დაწინაურდა.
მე-10 გეიმში ამერიკელმა ჩოგბურთელმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, სეტპოინტიც ქონდა, თუმცა ეკომ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი უკუბრეიკიც შეასრულა 5:5.
პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად გორგოძე გამოიყურებოდა, რომელმაც „საჩოგბურთო ლატარეა“ 7:5 მოიგო.
მეორე პარტიის სტარტზე ეკამ ლეპჩენკოს ჩაწოდება იოლად აიღო და 2:0 დაწინაურდა. ამერიკელი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა და ამ მოვლენიდან 25 წუთში მეორე სეტიც დათმო 2:6.
შეხვედრა 1 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ეკოს ანგარიშზე 1 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკი იყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარ, პირველ ჩაწოდებაზე გათამაშებულ ქულათა 74% მოიგო,რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი გამოდგა.
გორგოძემ კარიერაში პირველად გააღწია WTA-ს ერთეულთა ტურნირის 1/4 ფინალში, სადაც მისი მეტოქე კრისტინა კუცოვა იქნება (N150 მსოფლიო რეიტინგში). სლოვაკმა ჩოგბურთელმა თავისმხრივ 1/8 ფინალში ბარა ირინა დაამარცხა 3:6 7:5 6:4.
ეკო და კრისტინა ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ, შარშან კანბერას ჩელენჯერზე ქართველმა 7:6 6:3 მოიგო.
Poland Open-ის 1/4 ფინალში გასვლით გორგოძემ 78 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა(18 ქულა საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის+60 1/4 ფინალში გასვლა) და WTA-ს ლაივ რეიტინგში 208-ე საფეხურიდან 184-მდე აინაცვლა.
ერთეულთა თანრიგის დასრულების შემდეგ ეკამ დაახლოებით 3 საათი დაისვენა და შემდეგ Poland Open-ის წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალი ითამაშა.
გორგოძე/კალაშნიკოვას ქართულმა დუეტმა გოვორცოვა/სასნოვიჩის ტანდემს 7:6 6:2 მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა,სადაც მათი მეტოქე ბონდარენკო/პიტერის წყვილი იქნება.