ევროპის ჩემპიონატში მთავარი ამბები 26 ივნისიდან იწყება. ნუ ვიჩქარებთ და გუნდებს ნუ ჩამოვწერთ იმის გამო, რომ ჯგუფში არ ბრწყინავდნენ და ბევრი ქულა ვერ აიღეს.
ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპი თავისი ლამაზი გოლებით, ბოლო წამებამდე ინტრიგით, მაგარი მოტრიალებებით… გავარდნის მიჯნაზე იყვნენ გერმანია, ხორვატია, დანია… რამდენიმეწუთიან მონაკვეთში მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია იყო ბოლო ადგილზე. ზუსტად პორტუგალია იყო, წინა ევროპაზე სამი ფრით რომ გავიდა და შემდეგ რა ამბები დაატრიალა.
განსხვავებული, შეტევაზე მომართული იტალია. დაახლოებით ასეთი სტილის იტალია ჰყავდა აძელიო ვიჩინის 1990 წლის მუნდიალზე, ოღონდ მაშინ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებით;
ნიდერლანდები ჩვეული მოკლე პასებითა და ცოტა ზედმეტი პრაგმატიზმით (რაც ნარინჯისფერებს ცოტა არ უხდებათ);
ბელგია დე ბრუინით. ეს ერთი კაცი უკვე საკმარისია მიხვდე, რა დონის ნაკრებია;
გერმანიას აღმა-დაღმა მონაკვეთები აქვს. დაცვა არეული, მაგრამ გერმანიაა. ეს ახალგაზრდები კიდევ თუ მოუმატებენ, ოო…;
პორტუგალია უფრო შემტევი და გახსნილია, ვიდრე წინა ევროპაზე. რონალდუ სრული სვლითაა!;
ასაკით მობერებული ხორვატია, მაგრამ მოდი და მოდრიჩს ბებერი დაუძახე;
ინგლისისგან მეტს ველოდით. კარისკენ დარტყმა 22. ამაზე ცოტა მხოლოდ ფინეთს ჰქონდა ჯგუფში. და ამ 22-დან მხოლოდ 5 მოხვდა კარში, გოლი კი მხოლოდ 2 გავიდა;
დანია თავისი აფეთქებებით. ბელგიასთან პირველ ტაიმში და რუსეთთან მეორე ტაიმში რაც აკეთა, მშვენება იყო… თუმცა ბეილი-რემზის დაჭერა მოუწევთ;
ყვითლები… შვედეთი მაგარი ჩანს და წესით, უკრაინას უნდა აჯობოს;
ჩეხეთს მაგარი ფლანგელი მცველები და მეგოლე შიკი ჰყავს;
ავსტრია კარგი ნასწავლი გუნდია, ალაბას მიჰყავს თამაში. ყველაფერია, ვერ გაიგებ რა პოზიციაზე თამაშობს;
ესპანეთი ლუის ენრიკეს ტიკი-ტაკათი. დიდ ტურნირებზე დაბრუნდა ტიკი-ტაკა… წინა ევროპაზეც იყო, მაგრამ ამხელა დოზით არა;
და საფრანგეთი ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობით. წინ მონსტრი გუნდია, ტრიუმფალურ მუნდიალზე რომ ჰყავდათ, არანაკლები. აი დაცვა ურევს;
ჯგუფში დარჩენილი 8 ნაკრებიდან უნგრეთი იყო ყველაზე ცოდო… რა იომა ამ ცეცხლივით ჯგუფში, ბოლო წამებამდე ჰქონდა გასვლის შანსი. შეგვეცოდა უნგრეთი და პოლონეთის 1 ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი.
მთლიანობაში 36 მატჩში 94 გოლი გავიდა, საშუალოდ 2,6. უკვე გმირია რონალდუ – 5 გოლის გატანა მოასწრო, თან, ალი დაეის გაუთანაბრდა სანაკრებო გოლებში (109-109) და დიდი შანსია, ყოფილ თანაგუნდელს გაუტანოს ის ისტორიული და არანორმალური მიღწევის გოლი: ბელგიას ხვდება, კარში კი ტიბო კურტუა იდგება.
რონალდუ ცალკე და სხვა სახელიან ფეხბურთელებსაც კარგი ჩემპიონატი აქვთ: დე ბრუინს, მოდრიჩს, კანტეს, კროოსს. აი, ბენზემაც ათამაშდა. მკაფიო გამონაკლისი კი ინგლისელი ჰარი კეინია…