ფეხბურთის გულშემატკივრებს, შვეიცარიის ნაკრებმა ჯადოსნური საღამო გვაჩუქა. ფრანგები ევრო2020-ის მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ, 3:1-ს იგებდნენ, თუმცა პეტკოვიჩის შეგირდებმა გათანაბრება და, შემდეგ, პენალტებში გამარჯვება მოახერხეს. ჯგუფურ ეტაპზე მათთვის ყველაფერი კარგად არ მიმდინარეობდა – უელსთან ფრის (1:1) და იტალიასთან განადგურების (0:3) შემდეგ, პეტკოვიჩს ფანებისთვის წერილის დაწერა დასჭირდა
“[იტალიასთან მატჩში] გვინდოდა თქვენთვის ჯადოსნური ღამე გვეჩუქებინა, რათა შვეიცარიით გეამაყათ. გვინდოდა, პანდემიით გადაღლილი ხალხისთვის, იტალიის დამარცხებით სიმშვიდე დაგვებრუნებინა. ამ შეხვედრისთვის დიდ ხანს ვემზადებოდით – შესაძლოა, ძალიან დიდ ხანს.
დასასრულს, მხოლოდ იმედგაცრუება დაგვრჩა. იმედი ვერ გაგიმართლეთ, ასევე საკუთარ თავს და იმ 4 ათას შვეიცარიელს, რომელიც რომში სტადიონზე იყო.
ამის გამო ძალიან ვწუხვართ.
26 მაისის შემდეგ, გუნდი ერთად ცხოვრობს: მოედანზე – სასტუმროში – სამზარეულოში – საძინებელში. ყველას ერთი მიზანი აერთიანებს – თქვენი გულისთვის მოიგონ, ქვეყნის გამო მოიგონ. დაამარცხონ ყველა. საუკეთესოები იყვნენ. ყოველ წუთსა და წამს ამაზე ვფიქრობთ.
ჩვენს ნაკრებზე ბევრს საუბრობთ, პრობლემების შესახებ კითხულობთ და შემდეგ ამას განიხილავთ. მე და ჩემი ფეხბურთელები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვართ. ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან ელით, თუმცა თქვენი იმედების გამართლებას ბოლომდე ვცდილობთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ გამოდის.
ჩვენ დიდი ოჯახივით ვართ. აქ კონფლიქტებიცაა, ზოგიერთს შეიძლება რამე შეეშალოს, თუმცა ამ პრობლემებს ერთად ვაგვარებთ, ერთმანეთს ვეხვევით და წინ სიარულს ვაგრძელებთ.
გარწმუნებთ, რომ ყოველი თამაშის წინ გულმოდგინედ და მიზანმიმართულად მოვემზადებით. ხვალ ახალი დღე იქნება.
იტალიასთან თამაშის წინ, ის შემადგენლობა ვერ დავაყენე, რომელიც ამ მატჩს მოიგებდა. თურქეთთან პლეი-ოფ-ში გასვლის კიდევ ერთი შანსი გვექნება. გადამწყვეტ მატჩში ჩვენ არა მხოლოდ სწორად უნდა ვითამაშოთ, არამედ იმ ღირებულებებით, რომელიც გაგვაჩნია: სოლიდარობით, საკუთარი თავის ზუსტი შეფასებით, სიხარულითა და პატივისცემით. ჩვენ ამას გავაკეთებთ.
გუშინ იან ზომერი შემოგვიერთდა – მამა გახდა, პატარა ნილას მამა. ეს მთელი გუნდისთვის მშვენიერი მომენტი იყო.
გახსოვდეთ: ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გრძნობები აქვთ, ეშინიათ და ახარებთ. როგორც ყველა, ჩვენც დაუცველები ვართ.
თქვენი მხარდაჭერა სწორედ ამიტომ გვჭირდება. თქვენი სოლიდარობის იმედი გვაქვს. თქვენი პოზიტივის.
მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა თურქეთთან ყველამ ერთად გავიხაროთ. შვეიცარიით ყველანი ამაყები ვიქნებით.
თქვენი ერთგული,
ვლადიმირ პეტკოვიჩი”