მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – იგა შვიონტეკმა დოჰას 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო ჯესიკა პეგულიას და კარიერაში მეთორმეტე ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი “არასტანდარტული” გამოვიდა – ჩოგბურთელები მიღებაზე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საკუთარ ჩაწოდებაზე.
პოლონელმა ჩოგბურთელმა საწყის 7 გეიმში ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება(2:0, 4:2), თუმცა ორივე შემთხვევაში ამერიკელმა უკუბრეიკით უპასუხა (3:4).
მერვე გეიმიდან შვიონტეკმა “ჯაჭვები აიწყვიტა” – ჩაწოდებაზე თამაში გამოასწორა და მეტოქე უბრალოდ გაანადგურა. იგამ ზედიზედ 8 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:3 6:0.
ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 5:2 გახდა პოლონელის სასარგებლოდ.
21 წლის შვიონტეკმა მიმდინარე სეზონში პირველი, ხოლო კარიერაში რიგით მე-12 ტურნირი მოიგო.
იგამ წარმატებით დაიცვა შარშან დოჰაში მოგებული ტიტული.
მთელი ტურნირის განმავლობაში პოლონელმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო მეტოქეებს: 3 ფინალში, 1 გეიმი წააგო კუდერმეტოვასთან 1/2 ფინალში და ერთიც მეორე რაუნდში დანიელა კოლინზთან.
შვიონტეკმა კარიერაში 50-ედ მოუგო მეტოქეს სეტი მშრალი ანგარიშით.