ნაპოლი – რაც არ უნდა მოხდეს, უკვე ამ სეზონის აღმოჩენა. სერია ა-შიც ფანტასტიკური და ჩემპიონთა ლიგაშიც. ბევრი კითხვა ჩნდება, თუ როგორ მოახერხა ქაღალდზე ვითომ არაგრანდმა კლუბმა ამდენი. გახსოვთ, რა პროგნოზები იყო ზაფხულში? რომ ნაპოლი ოთხეულში ვერ შევიდოდა; რომ რომა გაცილებით ძლიერია; რომ დასუსტდნენ და კულიბალის, ინსინიესა და მერტენსს ვერ შეცვლიდნენ…
და რა გააკეთა ლუჩანო სპალეტიმ: მანამდე რომ როტაციის ფეხბურთელები იყვნენ, ძირითადისთვის მოამზადა, მათ ბრაზი შემატა. მაგალითად, ლობოტკას… აღარაფერს ვწერთ ტაქტიკურ სიძლიერეზე და სათამაშო დისციპლინაზე, რაც სპალეტის გუნდებს ისედაც სულ ჰქონდათ.
ერთი ძალიან საინტერესო შტრიხი, რაც ორ მწვრთნელს აქვს: იურგენ კლოპს ლივერპულში და სპალეტის ნაპოლიში. არაგრანდი, შედარებით პატარა საფეხბურთო ქვეყნებიდან ჰყავთ ფეხბურთელების უმრავლესობა. კვარაცხელიას მსგავსად, ისინიც თავიანთი ქვეყნის სახეს წარმოადგენენ, ქვეყნის სიამაყეები არიან.
კვარაცხელია ქართველი, ელმასი მაკედონიელი, ლობოტკა სლოვაკი, კიმი კორეელი, რაჰმანი კოსოვოელი, ანგისა კამერუნელი, ოსტიგორი ნორვეგიელი. არც პოლონეთი და მექსიკა არიან გრანდები…
სპალეტი, გარდა სუფთა საფეხბურთო თვისებებისა, მათში ალბათ ხედავს სხვა მოტივაციას – ასეთი ქვეყნის შვილებს უფრო მომძლავრებული აქვთ შიმშილი, პლუს ფინანსური მხარეც: ისინი უფრო ნაკლებ ხელფასს ითხოვენ.
რა საინტერესოა, ნაპოლის ვინც გრანდი ქვეყნებიდან ჰყავს ლეგიონერები, თითქმის ყველა სათადარიგო სკამზეა. ფრანგი ნდომბელე, გერმანელი დემე, ბრაზილიელი ჟუან ჟესუსი და არგენტინელი სიმეონეც…