შოტლანდიასთან ტესტი გაუქმდა

სამწუხაროდ, 17 ივლისს დინამო არენაზე შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი აღარ შედგება. მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა.

 

გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია.

 

შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და ამ პერიოდში ვერც ვარჯიშს შეძლებენ, რაც მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, შოტლანდიასთან საშინაო თამაში ამ ზაფხულს ვეღარ შედგება.

 

ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი:

“სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას, ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა.

გვინდოდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ  არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის ის რა შედეგით დასრულდებოდა. თუმცა, რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის”.

Leave a comment

Your email address will not be published.