შუა ფეხბურთში

— ირაკლი, რა მინდა გთხოვო… — შეპარვით იწყებდა ლაპარაკს პოპულარული ქართული სერიალის “შუა ქალაქში“-ს გმირი დათო თავისი ბიძაშვილის ქმართან, სავარაუდოდ შეძლებულ პროფესორ ირაკლი ჩხეიძესთან, როდესაც ოცი ლარის დაცინცვლას აპირებდა. ეს, თუ სწორედ მახსოვს, დილაობით ხდებოდა, სანამ ირაკლი სამსახურში წავიდოდა და დათოს ხახამშრალს დატოვებდა.

შუა ქალაქში - ირაკლი ადექი ბიჭო - shua qalaqshi - irakliii adeqi bijoo - MYVIDEO

და უცებ, საქართველოს ნაკრების მორიგ თამაშებამდე ათიოდე დღით ადრე  მივხვდი, რომ დათოს მდგომარეობაში ვარ და სანამ თქმას აზრი აქვს, მეც მასავით შეპარვით უნდა დავიწყო:

— ვილი, რა მინდა გთხოვო… ამხელა პროფესიონალ კაცს ფეხბურთის სწავლებას როგორ გაკადრებ და ამიტომ ჩემს მოსაზრებას ისე გეტყვი, რბილად. 9 ოქტომბერს ხომ ჩამოდის საბერძნეთი და მერე, 12 ოქტომბერს ხომ მივდივართ კოსოვოში? ჰოდა, იქნებ ამ შეხვედრებში რამენაირად ექსპერიმენტები მოთოკო. ანუ, არ არის საჭირო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებში ისეთი შემადგენლობის გაყვანა, რომელსაც საქართველოს პირველობის იქით თამაშის გამოცდილება  არ აქვს. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ბავშვები უნიჭოები არიან, არა. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მათ ერთმანეთთან თამაშზე მეტი გამოცდილება არ აქვთ და იქნებ ძირითადად ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულ ბირთვს დაეყრდნო, გამოუცდელი ბიჭები კი ნელ-ნელა შეაპარო შემადგენლობაში; თითო-თითო.

სწორედ გამიგე, იმასაც არ ვამბობ, რომ ბირთვი, რომელიც ბოლო წლებში სანაკრებო თამაშებს თითქოს უფრო დაეჩვია, ქართული ფეხბურთის საუკეთესო თაობებს ედრება, მაგრამ „დენთის სუნს“ მთლად გამოუცდელებზე მეტად მაინც იცნობენ.

Image 48

ვიცი, მათი დიდი ნაწილი უცხოეთის სუსტ გუნდებში თამაშობს და იქაც ან თამაშობს ან არა, მაგრამ როგორც ამას წინათ ერთმა ახლობელმა, თავად ყოფილმა სპორტსმენმა მითხრა, დამიჯერე, იქაური ვარჯიში აქაურ თამაშზე მეტიაო. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ სხვა გამოსავალი არ გვქონია და ალბათ მართლაც გამოცდილ  ვერ-მოთამაშეებზე აჯობებს დაყრდნობა. თან გული მეუბნება, რომ თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტული შემადგენლობა ფარსაგი რამაა. პლუს, გულს სტატისტიკაც ეთანხმება.

თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი მაინც კბილების გალესვაა, საბრძოლო განწყობის შექმნას რომ ეძახიან. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ გუნდი მოედნიდან მხოლოდ ოთხი ჯარიმით არ უნდა გამოდიოდეს — ფეხბურთელები მოწინააღმდეგეებს უნდა ეჯახებოდნენ.

საქართველოს პირველობის შეხვედრებში კი დინამიკა და ინტენსიობა ნაკლებია. დარბიან, მაგრამ  მონოტონურად. რა ტემპითაც მიდის შეტევა იქით, იმავე ტემპით მოდის კონტრშეტევა აქეთ. აჩქარებას ათასში ერთხელ თუ ნახავ. მოძრავი ფიგურები ძირითადად ბურთის გარშემოა. ამიტომაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის გაცოცხლებას ნაკრებით ვერ დავიწყებთ. ჯერ ბავშვთა ფეხბურთია მისახედი, მერე კერძო ბიზნესს უნდა დაინტერესება, ქვედა და ზედა ლიგებია მოსაწყობი, ასაკობრივი გუნდებია დასალაგებელი  და ასე შემდეგ, მაგრამ რა ვუყოთ თუკი ამ ყველაფერთან ერთად არსებობს ასეთი ცნება — თავმოყვარეობა, რომელიც გვეუბნება, რომ ყველასთან წაგება ძალიან ცუდია; მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდი.

Image 25

მითუმეტეს, როდესაც გუნდს საქართველო ჰქვია!

ამიტომ, სანამ ქართული ფეხბურთის ვერტიკალს ძირფესვიანად გამოვასწორებდეთ და ნაკრების ახლანდელ მოთამაშეებს ახალ, ნიჭიერ თაობებს მივაშველებდეთ, იქნებ უბრალოდ გვებრძოლა. ალალად, ჯიგრულად, როგორც გამოგვივა ისე. გარწმუნებთ, მას ყველანი დავინახავთ და დავაფასებთ.

და ამ ბრძოლაში ვინ იცის აქა-იქ ქულებსაც გამოვკრათ ხელი.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *