დღეს მიხაელ შუმახერი 53 წლის გახდა. წითელი ბარონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იცვლება…
საბედისწერო შემთხვევიდან რამდენიმე თვის მერე შუმახერი საკუთარ სახლშია, რომელიც ფაქტიურად სახლი-საავადმყოფოა: ყველა საჭირო პროცედურას იქ უკეთებენ, დაცულია პაპარაცებისგან და უაზრო ჭორებისგან. სიახლეებს კი მისი მეუღლე კორინა აცხადებს ხოლმე, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ამ სიახლეებში არაფერია.
„მიხაელი ყველას გვენატრება, მაგრამ რეალურად ის აქაა. მიხაელი სხვანაირი გახდა, მაგრამ აქაა და ძალას გვმატებს. ერთად ვართ სახლში, თერაპიებს გავდივართ“.
მეუღლე ამბობს, რომ შუმახერი აზროვნებს, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულად. უმწეო მდგომარეობაშია, ვერ ინძრევა. განწირულია თუ არა სიცოცხლის ბოლომდე ასე დარჩენისთვის? ალბათ, ასეა. იყო განსაკუთრებული და წარმოუდგენელი შემთხვევები და ერთ-ერთია იან გრჟებსკი. ის რკინიგზის თანამშრომელი იყო, ვაგონს შეასკდა და თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო. წარმოუდგენელია, მაგრამ იცოცხლა და კომაში იყო.
1988 წელს მოხდა ეს ამბავი და 2007 წელს იან გრჟებსკი გონზე მოვიდა, ჩვეულებრივ დაიწყო სიარული და მოქმედება. გრჟებსკი ამბობდა, რომ ეს მეუღლის დამსახურება იყო, რომელიც საათობით ელაპარაკებოდა მას. რა თქმა უნდა, სამედიცინო პროცედურების თანხლებით.
შუმახერის მკურნალობაში უკვე დაიხარჯა 21 მილიონი ევრო.
გავიხსენოთ, რა მოხდა. საფრანგეთი, კურორტი მერიბელი, სადაც შუმახერს აგარაკი ჰქონდა… 2013 წლის 29 დეკემბერს წითელმა ბარონმა თხილამურები აიღო და ნაცნობ ადგილებში სრიალი დაიწყო. იქ ადრეც ბევრჯერ ყოფილა და საერთოდ, შუმახერი ბრწყინვალე იყო თხილამურებით, ისევე როგორც მაგრად თამაშობდა ფეხბურთს.
ბედი! შუმახერის თხილამურები დაშვებისას უხილავ ქვას შეასკდნენ და სისწრაფეზე მეორე ქვაზე დაეცა თავით. თან 20 კმ/სთ სიჩქარით… ნავარჯიშევი სხეული, ფიზიკური სიძლიერე – 44 წლის იყო შუმახერი, მაგრამ კარგ სპორტულ ფორმაში გახლდათ.
და მეუღლე კორინას ნათქვამი… მიხაელს თურმე მერიბელში წასვლა დიდად არ სურდა. რამდენიმე დღით ადრე კორინასთან განიხილავდა, დიდი თოვლი არაა და სხვაგან ხომ არ დავისვენოთო?!
„მან ახსენა დუბაიში პარაშუტები… ფიქრობდა, სად წავსულიყავით. მომხდარს ღმერთს არ ვაბრალებ. ეს იყო უბედური შემთხვევა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა“.
შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია.