შურისმაძიებელი – ანუ რატომ არ ღირს რონალდუს გაბრაზება

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიდერი, გოლეადორი, სამაგალითო სპორტსმენი და უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ დოშ სანტუშ ავეირუ იუბილაარია. პორტუგალიელი 37 წლის გახდა.

რონალდუზე საუბრისას აუცილებლად სათქმელია, რომ ის არასდროს კარგავს მოტივაციას და მუდამ გამარჯვებისკენ ისწრაფვის. ამდენი ტიტულის, ამდენი გოლის, ამდენი მოგების, ამდენი წარმატების, ამდენი აღიარების შემდეგ ის 37 წლის ასაკშიც კი მოტივირებულია.

არიან სპორტსმენები და ზოგადად ადამიანები, რომლებსაც 1 უკან გადადგმული ნაბიჯი ეხმარება, რომ წინ 2 ან მეტი ნაბიჯი გადადგას. მათ რიცხვშია კრიშტიანუ. ხშირად მარცხი თუ უბრალო ბრაზი მას მოტივაციას მატებდა და შესანიშნავ პერფორმანსს გვთავაზობდა.



სომხეთი – პორტუგალია

2015 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, სომხეთის ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მატჩი 2:3 დასრულდა. შეხვედრამდე გახურებისას სომეხი ფანები მესის გვარს სკანდირებდნენ, რათა ამით რონალდუ გაებრაზებინათ. ამან შედეგი გამოიღო და რონალდუ გაბრაზდა, თუმცა შედეგი რონალდუს ბრაზმაც გამოიღო… პორტუგალიელმა 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩისთვის პორტუგალიის ნაკრები თბილისში მოემზადა.

სიმეონე და რონალდუ

2015 წლის დასაწყისში დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისთვის ლეო მესი უფრო სახიფათო იყო, ვიდრე რონალდუ, ბენზემა და ბეილი ერთად. ეს პორტუგალიელისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა. 2015 წელს ატლეტიკო ლიგიდან სწორედ რონალდუს საგოლე გადაცემის შემდეგ გამოვარდა, ასევე რონალდუმ და რეალმა მოუგეს შემდეგ წელს ატლეტიკოს ლიგის ფინალი, 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში კრიშტიანუმ ატლეტიკოს წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2019 წელს რონალდუ უკვე იუვენტუსის ფეხბურთელი იყო, ლიგის 1/8 ფინალში სიმეონეს გუნდმა ბიანკონერის 2:0 მოუგო, განმეორებით მატჩში კი კრიშტიანუმ 3 უპასუხო გოლი გაიტანა. ამას დამატებული ლა ლიგა და იქ შეგდებული 4 გოლი. რონალდუს სიმეონეს ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში წლეულს 1/8 ფინალში მოუწევს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

რეალი, ვოლფსბურგი და… რონალდუ

2016 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის რეალი ვოფლსბურგს ესტუმრა და პირველი მატჩი 0:2 დათმო. შეხვედრის შემდეგ ფოლსბურგის იმ დროინდელმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა თქვა, რომ რეალი კვირის ყველაზე ცუდი გუნდი იყო, დანტემ კი განაცხადა, რომ რონალდუზე უკეთ მისი უმცროსი შვილი ითამაშებდა. გავიდა 1 კვირა და რონალდუმ გერმანელებს ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

ზლატანის ფრაზა

ზოგადად ზლატან იბრაჰიმოვიჩი რონალდუსადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა და ლეო მესის ბევრად წინ აყენებს. 2013 წელს იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ რონალდუს უმართლებს, რადგან მესის ოქროს ბურთის აღების მომენტს ყველაზე ახლოდან ნახულობსო. რონალდუმ შვედს პასუხი მოედანზე გასცა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში სწორედ რონალდუს და იბრაჰიმოვიჩის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. პორტუგალიაში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა რონალდუს გოლით 1:0 მოიგეს, განმეორებითი მატჩი კი პორტუგალიამ შვედეთს 3:2 მოუგო, რონალდუს მორიგი ჰეთ-თრიკი და იბრაჰიმოვიჩის დუბლი. რონალდუ მუნდიალზე გავიდა, ზლატანი კი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.

დუბლით მოგვარებულო კონფლიქტი 

2012 წელს ევროპის ჩემპიონატი რონალდუსთვის არცისე კარგად დაიწყო. საწყის 2 მატჩში 2 უგოლო შეხვედრა, მედიის კრიტიკა, რამაც გუნდშიც შეაღწია. საბოლოოდ კრიშტიანუსთან კონფლიქტი რამდენიმე თანაგუნდელს ჰქონდა, მათ შორის ლუიშ ნანის. პრობლემა რონალდუს ნიდერლანდებთან შესრულებულმა დუბლმა მოაგვარა. პორტუგალიამ 2:1 მოიგო, 1/4 ფინალში კი რონალდუ და კამპანია გავიდნენ.

ჟურნალისტი VS რონალდუ 

2012-ის მსგავსად არც 2016 წლის ევროპირველობა დაიწყო კრიშტიანუსთვის კარგად. ისევ 2 უგოლო მატჩი, გაფუჭებული პენალტი და დიდი კრიტიკა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალია უნგრეთს ხვდებოდა, მატჩის დღეს ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ნამდვილად მზად იყო თუ არა შემდეგი შეხვედრისთვის. გაბრზებულმა პორტუგალიელმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და შადრევანში გადააგდო. რამდენიმე საათში შეხვედრა დაიწყო, სადაც კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტუგალია აღნიშნულ ტურნირზე ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი მომენტები ფეხბურთელის ძლიერ ხასიათზე მეტყველებს. სწორედ ეს ხასიათი ეხმარება კრიშტიანუს წარმატების მიღწევაში, წარმატება, რომელიც ძალიან დიდია და რომელიც უკვე 14 წელზე მეტია გრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published.