ჩემს ბავშვობასა და სიყმაწვილეს კიდევ ერთი ნაწილი მოტყდა. წავიდა. კიდევ ერთი აგური გამოეცალა სამყაროს, რომელიც ჩემი მეგონა, არადა არ ყოფილა. გარდაიცვალა კაცი, რომელსაც არ ვიცნობდი. მე ის ტელევიზორში და სპორტის სასახლეში მყავდა ნანახი. კიდევ, ბოლო წლებში, პანდემიამდე, ხელბურთის ფედერაციაში რომ ვმუშაობდი ფანჯრიდან დავინახავდი ხოლმე. კალათბურთის ფედერაცია ერთი სართულით ზევით იყო და იმიტომ. იქ რომ მიდიოდა, შევხედავდი და ხმამაღლა ან გულში ვამბობდი: აი, გივი ბიჭიაშვილი. ერთხელ, კიბეზე შევეფეთე და მივესალმე. თავი დამიქნია და აშკარად დაფიქრდა, ნეტავ ვინ არის, საიდან ვიცნობო. საიდან უნდა ვცნობოდი: ის მოედანზე იყო, მე — ტრიბუნაზე ან ტელეეკრანთან.
მე რაც მახსოვს ყოველთვის მელოტი იყო. ძველებმა რომ იცოდნენ, სიმელოტეს გვერდიდან „ნასესხები“ თმით ფარავდა. მაშინ ყველა ასე იყო, ახლა ყველა იპარსავს. თამაშის დროს „ნასესხები“ თმა ეჩეჩებოდა და ხელით ისწორებდა.
კუთხიდან ისროდა, პირდაპირ აწობდა კალათში. თავის საყვარელ პოზიციაზე თუ გაიყვანდი, ბურთს ისე ჩააგდებდა, მარტო ბადეს შეეხებოდა, რკინის რგოლს – არა. მე ასე ჩამრჩა, ყოველ შემთხვევაში.
იმ ეპოქის კალათბურთს თამაშობდა, გამთამაშებელი რომ აუცილებლად პატარა იყო, ცენტრი კი მაღალი. ახლა ყველა დიდია, გამთამაშებელი ცენტრია და ცენტრი — გამთამაშებელი.
მაშინ სამქულიანები არც იყო. ამასწინათ თქვა ჯაბარმა, სამქულიანებმა კალათბურთი მთლიანად შეცვალა. აბა, მე ჩემს ფარქვეშ ბურთს რომ მოვიგებდი მწვრთნელი მიყვიროდა, სხვას მიეცი, შენ კი მოწინააღმდეგის ფართან გავარდი და იქ დაელოდეო. დრიბლინგი რომ დამეწყო, შემცვლიდაო.
ბიჭიაშვილი ცენტრი არ იყო, კუთხის კაცი იყო და თავისი საქმე უბადლოდ იცოდა.
ერთხელ მახსოვს ააცილა და ნუგზარ ჯუღელმა ასე თქვა: — გივი ბიჭიაშვილი, როგორც კალათბურთელი, ვარჯიშზე ასიდან ასს აგდებს, მაგრამ თამაშის დროს, ხანდახან, შეიძლება გივიმაც კი ვერ ჩააგდოს.
რამ ჩამიჭედა გონებაში ამხელა წინადადება? წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ორმოცი წელიწადია მახსოვს. ვის ვეთამაშებოდით არ ვიცი, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ბიჭიაშვილმა ააცილა და ჯუღელმა ეს სიტყვები თქვა.
ეჰ, იმ თამაშის ჩანაწერი აღარც იქნება. ის კი არა, 2014 წელს კოლია დერიუგინზე წიგნი დავწერე. პაატა გურასპაულმა ამ წიგნის პრეზენტაციის წინ გადაცემა გააკეთა და… საქართველოს ტელევიზიის არქივში დერიუგინის ერთი კადრი ვერ ნახა. ჩანაწერი —კოლია დინამოს ფორმაში ფაქტობრივად არ არსებობს. იუთუბიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის კადრები ამოიღო და სულ ეს იყო. ეტყობა, იმ დროში, ძველ ბაბინებზე ახალ-ახალ თამაშებს წერდნენ… არადა, დერიუგინზე კარგი ბევრი ჰყავდათ? შეუნახე, რა შთამომავლობას.
ნეტავ, გივი ბიჭიაშვილის კადრი თუ არსებობს? შემთხვევით გადარჩენილი… რა სიამოვნებით ვნახავდი, როგორ ისვრის იმ თავისი კუთხიდან. ზუსტად, სუფთად…
…ჩააგდო და წავიდა. ჩემს ბავშვობასა და სიყმაწვილეს კიდევ ერთი ნაწილი მოტეხა. მიდის ეპოქა, ქრება. მგონი თვით ცხოვრებამ გადააწერა ბაბინას სხვა რაღაცა. ეტყობა, ბაბინების დეფიციტია.