ჩავარდნილი მარკეტინგული პროექტი? ლიონელ მესიმ, შესაძლოა, პარიზი დატოვოს და კარიერა აშშ-ში გააგრძელოს

ლიონელ მესის ფრანგულ პსჟ-ში გადასვლა, ალბათ, საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი დიდი და სენსაციური ტრანსფერი იყო. არგენტინელის ამ გადაწყვეტილებას უამრავი დისკუსია და გარჩევა მოჰყვა, ფანები ამ მსჯელობას დღემდე არ წყვეტენ. და მაინც, რატომ გადადგა მესიმ ეს ნაბიჯი? რა არასაფეხბურთო დეტალები აძლიერებდა მის საფრანგეთში გადასვლას?

როგორც ცნობილია, ბარსელონამ მის ლეგენდას ახალი კონტრაქტი ვერ შესთავაზა. ფინანსური პრობლემებისა და შეზღუდვების ფონზე, ლიონელი ახალი წინადადებისთვის ღია იყო, პროექტი პსჟ კი, მისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა, უდიდესი ფინანსური რესურსების დაბანდების გარდა, დედაქალაქური კლუბის მესვეურები ლიონელში დიდ მარკეტინგულ პროდუქტს ხედავდნენ. წმინდა საფეხბურთო ნიუანსების გარდა, როგორც ცნობილია, მათთვის მოედნის მიღმა აქტივობები და კონტრაქტში ჩადებული სხვა არასაფეხბურთო ვალდებულებები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მესის პარიზში ჩასვლა ნამდვილი დღესასწაული და სრული ფურორი იყო, თუმცა ფან-მაღაზიებთან და მისი მაისურების რიგში მომლოდინე ფანების რიცხვმა ნელ-ნელა დაიკლო, მესი პარიზში ჩვეულ ფეხბურთს ვერ აჩვენებს, ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე გამონათების გარდა, არგენტინელი ლიგა 1-ში უჩვეულოდ ინერტულია. მესიმ ფრანგული კლუბის მაისურით ჩემპიონატის 11 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მის ანგარიშზე, ასევე 5 გოლია ჩემპიონთა ლიგაში. მეშვიდე კარიერული ოქროს ბურთის მიღების მიუხედავად, მის მიმართ კრიტიკა აქტიურად ისმი. რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელს Covid-19 დაუდასტურდა და საწვრთნელ პროცესს საერთოდ ჩამოშორდა.

ესპანურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელი პარიზში თავს ბედნიერად არ გრძნობს, მის განწყობას ასევე იზიარებენ არაბი მფლობელები, რომლებთაც გაცილებით დიდი მოლოდინი ჰქონდათ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი მაიამიში უძრავი ქონების შეძენით აქტიურად არის დაკავებული, ამბობენ, რომ მას მოლაპარაკებები მაიამის ინტერთანაც აქვს, ამ კლუბის მფლობელი ასევე ლეგენდარული დევიდ ბექჰემია. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, შესაძლოა, ლიონელმა აშშ-ში გადაინაცვლოს და ძალები, ამჯერად, მლს-ში მოსინჯოს. როგორც ცნობილია, ტრანსფერში ბექჰემის კლუბთან ერთად, ადიდასიც აქტიურად აპირებს ჩართვას.

 

Leave a comment

Your email address will not be published.