ჩავიმ დემბელეს 3 წუთი არ აპატია

უსმან დემბელე პირველი ფეხბურთელია, რომელიც ბარსელონაში ჩავიმ დააჯარიმა. საქმე იმაშია, ფრანგი ბაზაზე 08:30-ზე უნდა მისულიყო, ამის ნაცვლად 08:33-ზე მივიდა. ჩავიმ ვარჯიში 10:00-ზე დანიშნა, თუმცა ფეხბურთელებისგან მოითხოვა, რომ საათნახევრით ადრე სავარჯიშო ბაზაზე ყოფილიყვნენ.

ჩავიმ ბარსელონა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა. ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. რაც შეეხება დემბელეს, იგი კვლავ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. ფრანგმა შემტევმა ამ სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა, რომელშიც მოედანზე 25 წუთი გაატარა.

ბარსელონა ლა ლიგაში 17 ქულით მე-9 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას ესპანიოლთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *