ჩავი და სიმეონე: სიტყვებით ომი

„არა მგონია, ბარსასთვის დიეგო სიმეონეს სტილი სანიმუშო იყოს. ვფიქრობ, ბარსას ფანები მის ფილოსოფიას ვერ შეეგუებოდნენ“ – ეს ჩავის სიტყვებია.

ბარსელონას მწვრთნელმა უფრო დააკონკრეტა, ატლეტიკო დაცვით ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენგან მკვეთრად განსხვავებულიაო.

„ჩვენ რომ 11 კაცით საკუთარ კართან ახლოს ვიყოთ, ხალხი ვერ გაიგებდა. ატლეტიკომ ორჯერ მოიგო ლა ლიგა და თითქმის მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თანაც სპეციფიკურ სტილში. თუმცა ეს არაა ბარსელონას სტილი. ეს არ ნიშნავს, რომ სიმეონეს არ ვაფასებ და ვერ ვხედავ, როგორ მოტივაციას მატებს თავის ფეხბურთელებს. სიმეონე ბრწყინვალე მწვრთნელია, თუმცა ჩვენი კლუბისთვის შეუსაბამო“.

ამაზე სიმეონემაც გააკეთა კომენტარი და 6 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა:

„2016 წელს ჩავიმ თქვა, რომ ატლეტიკოს ფილოსოფია დიდი გუნდებისთვის არაა. ახლა მას აქვს საშუალება, რომ ათამაშის გუნდი ისე, როგორც მოსწონს და როგორც დიდ კლუბებშია მიღებული. ზოგადად, თუ ცხოვრება გარკვეულ პირობებში გაატარე, სხვების ხედვას ვერ გაიგებ. ჩავის აზრს პატივს ვცემ,  დიდ წარმატებას მიაღწია ბარსელონაში, როგორც ფეხბურთელმა. ჰყავდა დიდებული პარტნიორები. ახლა მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, აქაც კარგად გაართმევს თავს.

…მე მომწონს ბარსელონას თამაში. ჩავისაც ყველა ინსტრუმენტი აქვს, რათა გუნდმა მისი საყვარელი სტილი შეინარჩუნოს. რთული მატჩი გვექნება, ბარსელონასთვის სტუმრად არ მოგვიგია“ (Diario sport).

ბარსელონა-ატლეტიკო 6 თებერვალს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.