ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მორიგი მატჩები გაიმართა. ჩელსიმ ლილს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, იუვენტუსმა კი ესპანეთში ვილიარეალთან 1:1 ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ჩელსიმ როგორც უკვე გითხარით, ლილს უმასპინძლა. მთელმა შეხვედრამ ბრიტანელთა უპირატესობით ჩაიარა და ტუხელის შეგირდებმა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს. ლონდონელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გაიხსნა. სწორედ მე-8 წუთი იყო, როცა კაი ჰავერტსს მესამე შანსი ჰქონდა, გერმანელს ამჯერად სიზუსტემ არ უმტყუნა და 1:0.
ამის შემდეგ კვლავ ჩელსი აქტიურობდა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნგოლო კანტე, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მშვენივრად გამოიყურებოდა. სწორედ მისი აქტიურობით გავიდა მეორე გოლი. 63-ე წუთზე ნგოლომ ცენტრში ბურთი მოიპოვა, საკმაო მანძილი გაიარა და პულიშიჩს უპასა, რომელმაც შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ჩელსის 2 იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრავმების გამო ტუხელმა ჰაკიმ ზიეჩი და მატეო კოვაჩიჩი შეცვალა.
პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშიდან და ლილის დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, რთულად სავარაუდოა ფრანგებმა 2 მატჩის ჯამში დააქამბექონ. ამის თქმის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ ლილს არც ლიგა 1-ში მისდის საქმე. გუნდი ცუდ ფორმაშია, ლილი 36 ქულით მე-11 ადგილზე გახლავთ.
ლილის და ჩელსის განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს საფრანგეთში გაიმართება.
მეორე შეხვედრაში იუვენტუსი ვილიარეალს ესტუმრა. ბიანკონერიმ დიდი დანაკლისის ფონზე ითამაშა. ტრავმების გამო გუნდს პაულო დიბალა და ჯორჯო კიელინი აკლდა. შეხვედრა სტუმართათვის ზღაპრულად დაიწყო. 31-ე წამზე ანგარიში იუვენტუსის ახალწვეულმა დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა.
გოლის შემდეგ ისევ იუვე აქტიურობდა, თუმცა არც ვილიარეალი მჯდარა გულხელდაკრეფილი. ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა რამდენჯერმე აქტიურად შეუტიეს და იუვეს აგრძნობინეს, რომ მარტივი მატჩი არ ელოდათ.
მეორე ტაიმში ვილიარეალმა მოუმატა და ანგარიში გაათანაბრა. 66-ე წუთზე კაპუს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, დანი პარეხომ ახლო მანძილიდან შეაგდო.
საბოლოოდ 1:1 და ყველაფერი ტურინში გადაწყდება. განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება.