ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მე-5 ტურის 8 მატჩი გაიმართა. ბარსელონამ ბენფიკასთან ნათამაშები უგოლო ფრით საქმე გაირთულა, მანჩესტერმა და ჩელსიმ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს და 1/8 ფინალში არიან.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ყველაზე დიდ ინტერესს კამპ ნოუზე გამართული შეხვედრა იწვევდა. ბარსელონამ ბენფიკას უმასპინძლა, ეს ბარსას პირველი შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგაში მას შემდეგ, რაც გუნდი ჩავიმ ჩაიბარა. ბლაუგრანას სახიფათო მომენტები კი ჰქონდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდათ. ის კი არა ბოლოს აქეთ ბენფიკას გაჰქონდა, თუმცა სეფეროვიჩს ცოტა დააკლდა გოლამდე, საბოლოოდ 0:0. იმ შემთხვევაში თუ ბოლო ტურში ბენფიკა კიევის დინამოს მოუგებს და ბარსელონა ბაიერნთან დამარცხდება, კატალონიელები ჯგუფში ჩარჩებიან.
სხვა მატჩებიდან მანჩესტერმა ვილიარეალს 2:0 მოუგო. ჯეიდონ სანჩომ იუნაიტედის მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო, რონალდუმ კი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-5 თამაშში მე-6 გოლი გაიტანა. ჩელსიმ იუვენტუსი 4:0 გაანადგურა, ბაიერნმა კიევის დინამოს 2:1 მოუგო, 3:3 დასრულდა იანგ ბოიზი ატალანტას მატჩი, სევილიამ ვოლფსბურგს 2:0 აჯობა, ლილმა ზალცბურგთან 1:0 გაიმარჯვა, მალმიო ზენიტი კი 1:1 დასრულდა.
ტურის დარჩენილი 8 მატჩი ხვალ გაიმართება.