ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-6 ტურის 8 მატჩი გაიმართა. 1/8 ფინალში გასული 8 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან სიტი, პსჟ, ლივერპული, ატლეტიკო, აიაქსი, სპორტინგი, რეალი და ინტერი.
სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე დიდ ინტერესს B ჯგუფში მილანი – ლივერპულის დაპირისპირება იწვევდა. მილანს ამ შეხვედრაში მხოლოდ მოგება აწყობდა, რათა მეორე ადგილზე გასულიყო, ლივერპულის ერთადერთი მოტივი კი ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გასვლა გახლდათ. მილანმა კარგად დაიწყო, როსონერიმ ანგარიში ფიკაიო ტიმორის გოლით 29-ე წუთზე გახსნა, თუმცა იტალიელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. 36-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და ჯგუფში ექვსივე ტურში შეაგდო. ეგვიპტელმა ამით კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც ასევე ჯგუფის ყველა ტურში აქვს გატანილი. მატჩს წერტილი 55-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ დაუსვა და მილანის იმედებს ცივი წყალი გადაასხა. საბოლოოდ ლივერპული 18 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მილანმა კი 4 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
ამავე ჯგუფში ატლეტიკომ პორტუს 3:1 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, პორტუ კი 4 ქულით ევროტურნირებს დაემშვიდობა. A ჯგუფში სიტიმ, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, გერმანიაში ლაიფციგთან 1:2 წააგო. ქალაქელებმა ჯგუფი 12 ქულით მოიგეს, გერმანელები კი 7 ქულით მესამეზე გავიდნენ. ამავე ჯგუფში პსჟ-მ ბრიუგეს 4:1 სძლია, ფრანგები 11 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ, ბელგიელებმა კი 4 ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს.
C ჯგუფში აიაქსმა 18 ქულა დააგროვა და ახლოს არავინ გაიკარა. ნიდერლანდელებმა ბოლო ტურში სპორტინგს 4:2 აჯობეს და პირველზე გავიდნენ, პორტუგალიელებმა კი 9 ქულით მეორე პოზიცია დაიკავეს. ასევე 9 ქულა დააგროვა დორტმუნდის ბორუსიამ, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა და ბოლო ტურში ბეშიქთაშს 5:0 მოუგო. დორტმუნდმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, თურქები კი ევროტურნირებს 0 ქულით დაემშვიდობნენ.
D ჯგუფი 15 ქულით მადრიდის რეალმა მოიგო, რომელმაც ბოლო ტურში ინტერი შინ 2:0 დაამარცხა. მარცხის მიუხედავად ნერაძურიმ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდმა 10 ქულა დააგროვა და მეორეზე გავიდა. ამავე ჯგუფში შერიფი შახტარს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა, მოლდოველებმა 7 ქულა დააგროვეს და მე-3 ადგილზე გავიდნენ, შახტარი კი 2 ქულით ევროტურნირებს მიღმა დარჩა.