მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი კალენდრის მიხედვით სანკტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს 28 მაისს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებამ, რომელიც შეიარაღებული აგრესიის აქტად განიხილება, მოსკოვის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური, პერსონალური და ა.შ. სანქციების ამოქმედება გამოიწვია.
ცხადია, სანქციები სპორტის სფეროსაც შეეხო. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ უეფაში უკვე დაიწყო კონსულტაციები ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად სხვა ქალაქში ჩატარების შესახებ. ეს ქალაქი კი ლონდონი და ლეგენდარული უემბლის სტადიონი გახლავთ.
უეფაში თქვეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კი განაცხდა, რომ ბედნიერი იქნება თუ ფინალურ მატჩს უემბლი უმასპინძლებს.
„რუსეთი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება და მას არ აქვს სპორტული ღონისძიებების ჩატარების უფლება,“ – დასძინა ჯონსონმა.