“ჩიკაგო ბულზის” იდეალური სტარტი

რეგულარული სეზონის საწყის მატჩებში იდეალურად გამოიყურება „ჩიკაგო“. ზაფხულში გუნდმა შესანიშნავად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე და ისეთი კალათბურთელები დაიმატა როგორებიც არიან დემარ დეროუზანი, ლონზო ბოლი, ალექს კარუზო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბილი დონოვანმა ადვილად მოახერხა გუნდის „შეთამაშება“ და „ბულზმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო – ამჯერად ჩიკაგოელმა ხარებმა საკუთარ UNITED CENTER-ში „დეტროტი“ იმსხვერპლეს.

შეხვედრის პირველი წუთები „დეტროიტს“ უკეთესი გამოუვიდა -სედიქ ბეის შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე სტუმრებმა მატჩი 9:0 გაქცევით დაიწყეს. „ბულზი“ დროულად გამოფხიზლდა – ჯერ ვუჩევიჩმა „ჩასვა“ სამქულიანი, რასაც ლონზო ბოლის ზუსტი გასროლა მოყვა პერიმეტრიდან. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედის ბოლოს ზედიზედ ორჯერ ჩააგდო სამწამიანი ზონიდან დემარ დეროუზანმა და 12 წუთიანი პერიოდი მასპინძლებმა 31:28 მოიგეს.

მეორე მეოთხედში „ჩიკაგომ“ დაცვას მიხედა – ერთ ეპიზოდში ლონზო ბოლმა ბრწყინვალე დაფარება შეასრულა მეტოქე გუნდის ცენტრზე, მეორე მომენტში კი უკვე ლავინმა არ ჩააგდებინა ბეის. ზაკი „აფეთქდა“ – სწრაფ კონტრშეტევებზე მისი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რისი წყალობითაც „ბულზი“ ანგარიშში წინ გაიქცა – 54:43.

მესამე მეოთხედში მასპინძელი გუნდი ისევ დიდ უპირატესობას ფლობდა – დემარ დეროუზანი და პატრიკ უილიამსი „აწიოკებდნენ“ დეტროიტის სამწამიან ზონას, ხოლო პერიმეტრიდან გრინმა, კარუზომ და ბოლმა აიკლეს მეტოქის კალათი.
„ჩიკაგოს“ უპირატესობა 20 ქულას გაცდა , შეხვედრაში ინტრიგა დაიკარგა, რომელიც საფინალო სირენამდე აღარც დაბრუნებულა 97:82 – „ბულზის“ დამსახურებული გამარჯვება.

ჩიკაგოელმა „ხარებმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 6 კალათბურთელმა დააგროვა 10 ან მეტი ქულა: დეროუზანი (21), ვუჩევიჩი (15)ლავინი (14), ბოლი (13), კარუზო (12), გრინი (10).

„დეტროიტის“ რიგებიდან გამოირჩა სადიქ ბეი, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა – 20 ქულა+16 მოხსნა.
„პისტონზი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერი იქნება – გუნდმა სეზონის სტარტზე ორიდან ორი შეხვედრა წააგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *