უოტფორდის მწვრთნელობა ერთობ სახათაბალო საქმე ყოფილა. როცა ამ თანამდებობას თანხმდები, დარწმუნებული უნდა იყო, რომ პირველივე წაფორხილებისას კარისკენ მიგითითებენ.
ხუმრობა ხომ არ არის, ბოლო 10 წელიწადში 15 სპეციალისტი შეცვალეს… რანიერი მეთექვსმეტეა.
თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და დამრიგებელმა ჩისკო მუნიოსმა, უოტფორდში არასრული ათი თვე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაწინაურდა და მიმდინარე სეზონშიც, მე-15 ადგილზე დგას, რაც ნორმალური შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ყვითელი არმია შემადგენლობით ყველაზე იაფი გუნდია ლიგაში.
ბოლო ტურში უოტფორდმა სტუმრად ლიდსთან წააგო (0:1) და ჟურნალისტებმა, მაშინვე ივარაუდეს, ესპანელ სპეციალისტს დაითხოევნო. მისი ინფორმაციით, ჩისკოს მუშაობით უკმაყოფილონი იყვნენ – არ გააჩნია მკვეთრი გეგმა და ორგანიზებულობაშიც მოიკოჭლებსო.
ჩისკოს გათავისუფლება პრემიერლიგის სწრაფი მოხსნების ტოპ ოცეულში შედის, თუმცა სარეკორდო არ არის.
ახლა მის მაგიერ ყვითლებს იტალიელი კლაუდიო რანიერი გაწვრთნის.
2012 წელს კლუბის მფლობელი ბიზნესმენი ჯამპაოლო პოცო გახდა, რომელიც უდინეზესაც ფლობს. ისიც ხშირად ცვლიდა მწვრთნელებს. თუმცა თვითონ უდინეზეში დარჩა, უოტფორდი კი თავის ვაჟს, ჯინოს გადააბარა. შვილმა მამის ტრადიცია არ დაარღვია და სამწვრთნელო კარუსელი გააგრძელა.
ყველაზე დიდ ხანს უოტფორდის თავკაცად ხავი გარსიამ გაძლო – 594 დღე. შემდეგ ის ვალენსიაში წავიდა. მასთან ერთად გუნდი ინგლისის თასის ფინალში გავიდა და პრემიერლიგაში მე-11 ადგილი დაიკავა. ეს 2018-19 წლების სეზონში მოხდა. მომდევნო ჩემპიონატი გუნდმა არცთუ წარმატებით დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ დაითხოვეს.
მეტიც, ჩემპიონშიფის 2014-15 წლების სეზონის დასაწყისში, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში უოტფორდში მწვრთნელი ოთხჯერ (!) შეიცავალა…
შესაძლოა, კლუბის მფლობელები მეტად ემოციურ ადამიანებად მოგეჩვენოთ, თუმცა საქმე ის არის, რომ პოცო-უფროსმა უოტფორდში უდინეზეს კანონები გადმოიტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავარი მწვრთნელი უბრალოდ მენეჯერად მოიაზრება. მას არ ეხება სელექცია, ტრანსფერები. ის უბრალოდ ავარჯიშებს და კონკრეტული მატჩებისთვის ამზადებს გუნდს. ასეთ შემთხვევაში, ცხადია მწვთნელის გათავისუფლება გაცილებით იოლია.
კლუბის სპორტული დირექტირი, ფილიპო ჯირალდი ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ვუხსნით მწვრთნელებს სად მოდიან. უოტფორდში სელექციაზე და საკადრო პოლიტიკაზე პასუხს კლუბი აგებს. ამიტომ, თუ ვხედავთ, რომ მწვრთნელს გამოკვეთილი სტრატეგია არ აქვს და ერთი სისტემით მომზადებულ გუნდს, მატჩისას სხვა ტაქტიკით ათამაშებს, მისი პოსტზე დატოვება შეუძლებლად მიგვაჩნია.
ახლა ორიოდ სიტყვა რანიერიზეც ვთქვათ. ლესტერის ფანტასტიკურად გაჩემპიონების შემდეგი სეზონი ძალიან რთული გამოდგა იტალიელი სპეციალისტისთვის. გუნდი გადარჩენისთვის იბრძოდა. გაყიდეს კანტე, მაჰრეზი თავადაც ვერ ხვდებოდა რა უნდა ეკეთებინა მონდორზე. ამას მეორე სეზონის სინდრომი დაემატა, მეტოქეებმა მის ტაქტიკასაც აუღეს ალღო. ყველაფერს შიდაგუნდური კონფლიქტიც დაემატა (ასე ამბობდნენ) და იტალიელის ლესტერშირული ზღაპარიც დასრულდა.
არ უნდა გაეშვათო, ჩურჩულებდნენ. ჟოზე მოურინიუმაც კი, რომელიც რანიერისთან მთლად კარგ ურთიერთობაში არ იყო, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა: ჩელსიდან მოქმედი ჩემპიონი დამითხოვეს, მაგრამ რაც კლაუდიოს გაუკეთეს, ამასთან რა მოსატანიაო.
შემდეგ იყო ნანტი, ფულემი, რომა, სამპდორია და აი, სპეციალისტი, რომელიც 20 ოქტობერს 70 წლის მოიყრება, კვლავ პრემიერლიგაშია, ნეტავ რამდენ ხანს გაუძლებს პოცოებს?..