… სამხრეთ კორეისა და განას მატჩის მე-11 დამატებულ წუთზე კორეელებმა კუთხურის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ მსაჯმა ენტონი ტეილორმა თამაში დაამთავრა, რითაც აზიელების განრისხება გამოიწვია. მათ აღშფოთებულ მთავარ მწვრთნელს პაულუ ბენტუს კი წითელი ბარათი უჩვენა.
ამ დროს კორეელები 2:3 აგებდნენ და თამაშიც ასე დამთავრდა. ახლა განელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, H ჯგუფში 3 ქულა მოაგროვეს და ჯერჯერობით მეორე ადგილზე დგანან, კორეელები კი 1 ქულით ბოლო – მეოთხეზე.
საერთოდ მატჩი დრამატული გამოდგა. კორეელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში პირველ 15 წუთში 6 კუთხური მოაწოდეს, თუმცა, ნახევარი საათის თავზე 0:2 აგებდნენ. მოჰამედებმა – სალისუმ და კუდუსმა 10 წუთის ინტერვალში დააწიანურეს განელები.
მეორე ტაიმის დასწყისი კორეელების გახლდათ. უფრო სწორად სამწუთიანი ეპიზოდი, როცა ჩო გიუ სონმა დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა. ჩომ ორივე გოლი თავით გაიტანა. მაგრამ კორეელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა. შვიდ წუთში კუდუსმა ისევ წინ გაიყვანა აფრიკელები. ჩოს მსგავსად, აიაქსელმაც დუბლი შეასრულა. საბოლოოდ 3:2 განელების სასარგებლოდ.
ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელმა თანაგუნდელმა, კიმ ინ ჯემ მინდორი 89-ე წუთზე დატოვა, ფეხს იტკიებდა.
საუკეთესო ფეხბურთელი – ჩო
კორეელთა თავდამსხმელმა დუბლი ხომ შეასრულა და ისე დააწიოკა განელების უკან ხაზი, არც თავად და არც მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. თავად ჩო კი მატჩში მართლაც გამორჩეული გახლდათ.