ლეო მესი, სესკ ფაბრეგასი, ჟერარ პიკე – ისინი ერთად მოდიან 13 წლის ასაკიდან, ბარსელონას ლა მასიაში ერთ გუნდში თამაშობდნენ, მეგობრობდნენ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი მათ წვრთნიდა ალექს გარსია, რომელიც 2011 წელს თბილისის დინამოში მუშაობდა და ცოტა დააკლდა, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაეყვანა გუნდი.
ფაბრეგასი მესის ბარსადან წასვლას გამოეხმაურა. სესკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა ტექსტი:
„ყოველთვის მემახსოვრება, როცა პირველად გნახე. მაშინ 13 წლის ვიყავით. გასახდელში მწვრთნელმა გვითხრა, რომ არგენტინიდან გასინჯვაზე ჩამოდიოდა ერთი ბიჭი. შემოხვედი, დაჯექი და ჩუმად იყავი.
…მწვრთნელმა მითხრა, რომ ცოტა მჭიდროდ მეთამაშა შენს წინააღმდეგ. ისეთი პატარა იყავი, რომ მეგონა, იოლად შევასრულებდი დავალებას. სისულელე აღმოჩნდა. ერთ მომენტში ფინტი გააკეთე, მინდორზე დავეცი და მივხვდი, რომ სხვანაირი ტალანტი იყავი.
…ბარსელონა არასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორც შენს დროს იყო. მადლობა ყველაფრისთვის. ვიცი, რომ მოედანზე მხეცის მიღმა ხარ მოკრძალებული, მეგობრული და ერთგული ადამიანი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ვიცი, ბედნიერი იქნები, სადაც არ უნდა წახვიდე. მიყვარხარ!“.
პიკე კი არ მოერიდა და ბარსელონას ხელმძღვანელობა გააკრიტიკა:
„ბოლო წლებში სწორად არ იქცევიან და ამის გამო დავისაჯეთ. როცა მესისნაირი ფეხბურთელი მიდის, ყველასთვის რთულია. მესმის, რომ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და წინ უნდა გავიხედოთ. საწყენია, რომ ვეღარაფერს შევცვლით. სხვა ფეხბურთელები უნდა გამოვიდნენ ლიდერის როლში“.