ბაიერნი-ბარსელონა 3:0… ბოლო წლებში მიუნხენური კლუბი საშინელ დღეში აგდებს ბარსას. ჩავის გუნდმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. წარმოიდგინეთ, 6 მატჩში ბარსამ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე კიევის დინამოსთან.
რა თქვეს თამაშის შემდეგ?
იულიან ნაგელსმანი: „გვსურდა, რომ ნულზე დაგვემთავრებინა და ეს მოვახერხეთ. 22:3 ბურთები. ვეთამაშეთ სახელიან მეტოქეს, რომელსაც აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდა. თუმცა მათ შეტევების საშუალება არ მივეცით. ვფიქრობ, მეტი წნეხის შემთხვევაში კიდევ გავიტანდით გოლებს“.
ჩავი: „ბაიერნი დომინირებდა. ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს, რადგან ამხელა კლუბს წარმოვადგენთ და ვალდებულება გვაქვს. კლუბი ახლა ისეთ მომენტშია, როცა აუცილებელია სწრაფად შეცვალოს დინამიკა. ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ. ჩემპიონთა ლიგაა ის ტურნირი, სადაც ბარსა უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ რეალობა სხვაა. მე შეყვარებული ვარ ბარსელონაზე და სიცოცხლეს დავთმობ, ოღონდ ყველაფერი ნორმალურად აეწყოს“.
თომას მიულერი (უკვე 8 გოლი დაუგროვდა ბარსელონასთან): „მათთან თავისით გამომდის ყველაფერი. ბარსელონა ყოველთვის ძლიერად აპრესინგებს, ამ დროს კი ჩვენს ფლანგის ფეხბურთელებს სივრცე რჩებათ. ზოგჯერ ამ სივრცეში პასები იდეალური ვერ იყო, თორემ მეორე ტაიმში უფრო გამწვავდებოდა სიტუაცია მეტოქის კართან. თუმცა ამის გარეშეც კომფორტულად ვიყავით“.
ჟოან ლაპორტა: „ყველანი ერთ ნავში ვართ და მიმართულება უნდა შევცვალოთ. ფეხბურთელებმა გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მეტიც კი გააკეთეს. ჩავის ვესაუბრე თუ არა? არა, თვითმფრინავში ვისაუბრებთ. ახლა უნდა დავმშვიდდეთ“.