ერთ მაგარ და თან სევდიან ისტორიაზე დავწერთ. შანდორ კოჩიში პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში ორნიშნა რაოდენობის გოლი გაიტანა – 11. დღეს 92 წლის გახდებოდა. ბავშვობაში წიგნში წაკითხულიდან სხვა შთაბეჭდილებები გრჩება…
უნგრეთის „დიდი გუნდი“ (როგორც ეძახდნენ) სასწაულებს აკეთებდა. ინგლისის ნაკრებს სტუმრად 6:3 და შინ 7:1 მოუგეს. კოჩიშიც ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო… წარმოიდგინეთ, ნაკრების 68 მატჩში 75 გოლი გაიტანა!
ფერენცვაროშში, ჰონვედსა და ბარსელონაში თამაშობდა. ბევრ გოლს გაცვლიდა 1954 წლის ფინალში ბოლო წუთებზე გაცუდებულ მომენტში… პირისპირ დარცა და გერმანელთა მეკარე ტურეკმა სასწაულად მოიგერია. ბერნის სასწაულის ამბები ბევრმა იცის, მანამდე კი კოჩიშმა გერმანელებს 8:3 მოგებულ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა.
გაჰქონდა ნაკრებში, ჩემპიონთა თასზე, ბარსას ფანების კერპი იყო. კარიერის დასრულების მერე ბარსელონაში დარჩა, რესტორანი გახსნა „ოქროს თავი“… მერე მწვრთნელობაც სცადა, მაგრამ მალევე ჯანმრთელობამ შეაწუხა. კოჩიშს ლეიკემია დაუდგინეს და მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
შანდორ კოჩიში 49 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, 17 დღე იწვა და ფსიქოლოგიურად ვეღარ უძლებდა. გამოვიდა კლინიკიდან, მაგრამ ტკივილები გაგრძელდა.
გაირკვა, რომ სამ დღეში კოჩიში მანქანაში ჩაჯდა და ბარსელონას ქუჩებში სწრაფად დააქროლებდა, ვითომ ამით ტკივილს შეაჩერებდა. ავარიაში მოჰყვა, მაგრამ გადარჩა… საავადმყოფოში წაიყვანეს, გასინჯეს და სახლში აღარ გაუშვეს, ოპერაცია დაუნიშნეს.
თუმცა ოპერაციამდე საქმე არ მივიდა. იმავე საღამოს, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. მეორე ვერსიაა, რომ კოჩიში გადმოვარდა, თუმცა პოლიციამ გამოაცხადა: სუიციდი…