ძალამიძე Australian Open-ს გამოეთიშა

მელბურნში გრძელდება Australian Open-ის რიგით 111-ე გათამაშება. ქალთა წყვილთა თანრიგში, სამწუხაროდ პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას  ნათელა ძალამიძე.

ძალამიძე/პანოვას დუეტმა 3 საათიან, უმძიმეს ბრძოლაში 7:6 4:6 5:7 წააგო ფრუხვირტოვა/რიშკეს ტანდემთან.

null

პირველი პარტიის სტარტზე ქართულ/რუსულმა დუეტმა საწყისი 3 გეიმიდან 2 მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგო და ბრეიკიანი ჰანდიკაპით დაწინაურდა. ძალამიძე/პანოვას ტანდემი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოპოვებულ უპირატესობას, თუმცა 5:4-ზე მეტოქეებმა უკუბრეიკი გაახერხეს და სეტის ბედის გასარკვევად ტაიბრეიკი დაინიშნა.

“საჩოგბურთო ლატარეაში” იდეალურად იასპარეზა ნათელამ, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიგო და სეტიც სათავისოდ დაიტოვა 7:6 (7:4).

null

მეორე პარტიის სტარტზე ქართულ/რუსულმა წყვილმა ისევ ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. ფრუხვირტოვა/რიშკეს დუეტი დროულად გამოფხიზლდა – ჩეხურ/ამერიკულმა ტანდემმა მომდევნო 6 გეიმიდან 5 მოიგო და სეტებს შორის წონასწორობაც აღდგა 1-1 (5:7, 6:4).

მესამე, გადამწყვეტი პარტიის პირველმა ნაწილმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და 6 გეიმის განმავლობაშ ჩამწოდებლები დომინირებდნენ. მოულოდნელად, მეშვიდე გეიმში 17 წლის ლინდა ფრუხვირტოვას იდეალური ასპარეზობის ფონზე ჩეხურ/ამერიკულმა დუეტმა ბრეიკი მშრალი ანგარიშით შეასრულა და 4:3 დაწინაურდა.

ძალამიძე და პანოვა დროულად გამოფხიზლდნენ – მომდევნო გეიმში უკუბრეიკი გაახერხეს და წონასწორობა აღდგა.

მესამე სეტის ბოლოს, გადამწყვეტი მაინც ფიზიკური კონდიციები აღმოჩნდა – 5:5-დან ჩეხურ/ამერიკულმა დუეტმა ზედიზედ 2 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

null

სანახაობრივი კუთხით შეხვედრა არცთუისე ხარისხობრივი გამოდგა. ფრუხვირტოვა/რიშკეს დუეტმა 5 ეისის წილ 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 6 ბრეიკი მოიპოვა. თავისმხრივ ძალამიძემ და პანოვამ 4 ეისს 9 ორმაგი შეცდომა “შეუწყვილა”.

ქართულ/რუსულმა ტანდემმა 20-დან 16 ბრეიკპოინტი კი მოიგერია, თუმცა ჯამში 63 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რამაც განაპირობა მატჩის წაგებაც.

ლინდა ფრუხვირტოვა/ალისონ რიშკეს დუეტი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა, სადაც მათ ტურნირის პირველ ნომრებთან მოუწევთ დაპირისპირება – კატერინა სინიაკოვა/ბარბორა კრეიჩიკოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *