ძალიან მაგარი ამბავი – საქართველოში ასამდე სარაგბო მოედანი მოეწყობა

რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, აია არენაზე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა.

45 ლოკაციაზე სარაგბო მოედნების მოწყობის ინიციატივით საქართველოს მთავრობას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიმართა. რაგბის განვითარების გეგმის მოწონების შემდეგ მან აღნიშნა, რომ საუბარია სამი სხვადასხვა ტიპის მოედნის მოწყობაზე:

“რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა. მოკლე პერიოდში ყველა რეგიონი აღვწერეთ და შევადგინეთ სამი ტიპის მოედნის პროექტი, სხვადასხვა საფარითა და ტრიბუნებით. გეგმა წარვუდგინეთ მთავრობას და მივიღეთ პირობა, რომ მოედნები 45 ლოკაციაზე მოეწყობა.

უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2022 წლიდან, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ბავშვებს ექნებათ წვდომა სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, რაც კიდევ უფრო მეტი მასშტაბით მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ისეთი თაობების, სპორტსმენების და კაცების აღზრდა, როგორებიც არიან მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა, გიორგი ნემსაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, დავით ზირაქიშვილი და ბევრი სხვა, რომელთაც ასახელეს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით”.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ მინსიტრი:

„ის, რომ დღეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ძლიერი და დაუმარცხებელი ქართველი ხალხის რაგბის ნაკრები მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ნამდვილად საამაყოა. ჩვენი ამბიციაა, მსოფლიო ხუთეულში შევიდეთ და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ, მთავრობა, კერძო სექტორი დარა თქმა უნდა მორაგბეები. მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ მთავრობისგან, ბიზნესისგან, რათა გავაორმაგოთ მიღწეული შედეგი.

განვითარების ეს გეგმა ითვალისწინებს 100-მდე ახალი სპორტული ლოკაციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ათეულობით ბაზა აშენდება, რათა ასეულობით, ათასობით გულანთებული ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სპორტში და ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რომ რაგბიში განსაკუთრებულად წარმატებულია ქართველი ხალხი. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას. ჩემი მხრიდან, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *