ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

გინდა ზაფხულში ჩაატარე და გინდა შემოდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი; შენ რომ მოგწონს იმ გუნდმა გაიმარჯვა თუ შენ რომ არ მოგწონს იმან — წელიწადი, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, გულშემატკივრის გონების იმ განყოფილებაში შეინახება, რომელსაც აწერია: „მსოფლიოს ჩემპიონატის წლები“.  ასეთია დახარისხების პრინციპი.

კიდევ, გინდ ჩემპიონი გახდეს და გინდ ვერა; კარგად ითამაშებს თუ ცუდად; ექნება ის თავის ეშხი და პეწი თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატის წელს ბრაზილიის ნაკრები ერთ-ერთი მთავარი თემაა.

FIFA World Cup 2022 | Croatia beat Brazil to qualify for semi-finals; Highlights from Day 18

წლეულს სელესაო მეოთხედფინალში გავარდა, ხორვატიამ გააგდო. ხორვატია კერკეტი კაკალი იყო, ძირითადად ფრეებს თამაშობდა და პენალტებით იგებდა. დამსახურებულად მოინადირა მესამე ადგილი. ბრაზილიას თუ უნდოდა დაემტკიცებინა, რომ მეტი ეკუთვნოდა, ხორვატები უნდა დაემარცხებინა. ბრმა ხომ არ იყო, დალოცვილი, წინა მუნდიალის ფინალისტი ჯეროვნად როგორ ვერ შეაფასა. თუმცა, ნუ გამორიცხავთ, რომ სწორედაც ბრმა იყო. იმ თვალში, რეალურ სურათს რომ უნდა ხედავდეს, ჩინი ჰქონდა დაკარგული და მხოლოდ თავის გულისცემას უგდებდა ყურს, გული კი წარსულის ლეგენდებს უყვებოდა და ეუბნებოდა, რომ ყოველთვის და ყველასგან გამორჩეულია.

არის კიდევაც, როგორ არა, მაგრამ ვაი, რომ გამორჩეულობა აღარ ყოფნის. გამორჩეულობა საკმარისი აღმოჩნდა ჯგუფში და მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან, სადაც „პენტაკამპეაომ“ ბურთი  სულ თავით კენწლა და სიხარულისგან მწვრთნელიანად იცეკვა, მაგრამ მერე და მერე მეტი ყოფილა საჭირო. ხორვატებთან თურმე თავქუდმოგლეჯილებს უნდა ერბინათ წინ და უკან მთელი 90 ან 120 წუთი. მათ კი კენწვლის იმედი ჰქონდათ. ჩემი ნათქვამი არ არის, სხვისგან მოვისმინე: ბრაზილიელები ხორვატებთან თამაშობდნენ და თვალწინ არგენტინასთან ნახევარფინალი ედგათო.

 

თუ რამე არ მეშლება და ყველაფერი მართლა ასე იყო, მაშინ მწარედ შემცდარან. ის დრო, გარინჩა მეტოქის საჯარიმოში მცველებს მანამ რომ ატყუებდა, სანამ ბურთს ყველას ფეხებს შორის არ გაუძვრენდა, ლამაზ წარსულს ჩაბარდა. თანაც, სადღაა პელე და გარინჩა? აღარც 1980-ინი წლებია, ზიკო, ფალკაო და სოკრატესი მეტოქეებს რომ ეუბნებოდნენ, რამდენსაც გაგვიტანთ, იმაზე ერთით მეტს ყოველთვის გაგიტანთო. საოცრად თამაშობდნენ, მაგრამ მათაც კი ვერ შეძლეს ამ პრინციპით მოგება.

Brazil vs South Korea, result: Brazil's 20-year wait for another World Cup  may finally be coming to a close

მოკლედ, ხორვატიამ თავისი ბრძოლა მოიგო და ბრაზილიის ნაკრებში ტიტეს ეპოქა დაამთავრა. ეპოქა, რომელიც პირადად მე ხან მეტად და ხანაც ნაკლებად „იმ“ ბრაზილიას მაგონებდა. როგორ თქვა აკა მორჩილაძემ? „მეფე ერეკლე მისულა ერთ ბორჩალოელ აღალართან მისი ცხენების რემის დასათვალიერებლად და ერთი კარგი ცხენის ასარჩევად. უთვალიერებია მეფე ერეკლეს და არ მოსწონებია. რა არის, თათარო, ძველად რა კარგი  ცხენები გყავდა და ახლა რემა რას გიგავსო. ეხო, გასცინებია აღალარს, იმ ძველ ცხენებზე ძველი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო“. ასეა ზუსტად. ის ძველი ბურთები ძველ ბრაზილიელებს სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ მოგონებების სამყაროში, აქ კი ფეხბურთის კონფედერაციის ხალხი საგონებელში დაუტოვებიათ: ვინ უნდა დანიშნონ ტიტეს შემცვლელად?

ვინმე უცხოელი ხომ არ მოგვეყვანაო გაუშლიათ ხელები და დაუწყიათ ჩამოთვლა: კარლო ანჩელოტიო, ზინედინ ზიდანიო, თომას ტუხელიო, მაურისიო პოჩეტინოო, ის კი არა, ჟოზე მოურინიოცო…

Brazil 4-1 South Korea: Tite defends dance celebration but Roy Keane unimpressed with 'disrespectful' behaviour | Football News | Sky Sports

ბრაზილიელებიდან ასახელებენ იქაურ გვარდიოლად წოდებულ ფერნანდო დინისს, რომელმაც სან პაულუს სექტემბრიდან დეკემბრამდე 17 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარებინა. დროებით უმუშევარ რენატო გაუჩოს, რომელსაც კოპა ლიბერტადორესიც აქვს მოგებული და კოპა სუდამერიკანაც და ოცდახუთ ბრაზილიურ გუნდში ნამუშევარ დორივალ ჟუნიორს. მერე და მერე ალბათ სხვებსაც დაამატებენ. მე კი ათასობით კილომეტრის გადმოღმა, თბილისში, მგონია, რომ სწორედაც თავისიანი უნდა დანიშნონ. ისეთი, ევროპული სქემებიც რომ იცის და თავში ბრაზილიური მწყერებიც რომ დაუფრენენ. აბა, მართლა მოურინიუს ხომ არ დანიშნავენ.

 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *