„ძლევაი საკვირველი“ – ხორვატიამ სერბეთს მოუგო

უაღრესად საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა პირველი 1/2 ფინალური დაპირისპირება დევისის თასის ფინალურ ტურნირზე. ერთმანეთს ხორვატია და სერბეთი ხვდებოდნენ. როდესაც სპორტულ ასპარეზზე ეს ქვეყნები გადაიკვეთებიან, ყველაფერი ერთდროულად „ამოტივტივდება“ – უდიდესი მოტივაცია, პატრიოტიზმი, პოლიტიკა.

ნახევარფინალის ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი სერბეთი ითვლებოდა, თუმცა ხორვატებმა ყველაფერი გაიღეს რათა ეს ასე არ ყოფილიყო და საკუთარი სიძლიერე უშუალოდ კორტზე დაამტკიცეს.

null

პირველები სათამაშოდ ბორნა გოიო და დუშან ლაიოვიჩი გავიდნენ. 23 წლის ხორვატი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 279-ე პოზიციას იკავებს და დევისის თასის დაწყებამდე, კარიერაში ერთადერთხელ ქონდა მოგებული მატჩი ATP TOUR-ზე, თუმცა სანაკრებო ტურნირზე შეძლო და ტოპ 75-ის ორ მოთამაშეს მოუგო (პოპირინი, სონეგო). სწორედ ამიტომ ხორვატებმა მასზე გააკეთეს არჩევანი და არც შეცდნენ.

დუშან ლაიოვიჩმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, ადრეული ბრეიკი „გაუშვა“ და 1:4 ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანი დროულად გამოფხიზლდა, ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:4.
მეორე პარტიაში გოიომ მალევე შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, მოიპოვა უპირატესობა და სეტის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი 6:3.

მესამე, გადამწყვეტ სეტში დუშანი საბოლოოდ „ჩავარდა“ – საწყისი 4 გეიმი წააგო და შემდეგ ვეღარც ამოქაჩა ეს ჩამორჩენა – საბოლოოდ 4:6 6:3 6:2 ხორვატმა გოიომ მიმდინარე დევისის თასზე მესამედ დაამარცხა ტოპ 75-ის მეტოქე და საკუთარ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა – 1:0.

null

მეორე შეხვედრაში კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და მარინ ჩილიჩი გავიდნენ. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ყველანაირი პრობლემების გარეშე, 1 საათსა და 41 წუთში 6:4 6:2 მოუგო ჩილიჩს და ხორვატია-სერბეთის დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ნოვაკმა დევისის თასზე ზედიზედ მე-19 გამარჯვება მოიპოვა, ბოლოს „ნოლემ“ 2011 წელს წააგო ხუან მარტინ დელ პოტროსთან.

null

ფინალის საგზურის ბედი წყვილთა თანრიგის მოთამაშეებს უნდა გადაეწყვიტათ – თავდაპირველად სერბებმა განაცხადი ჯოკოვიჩი/ჩაჩიჩის დუეტზე გააკეთეს, თუმცა ბოლო მომენტში შეცვალეს არჩევანი და ჩაჩიჩი კრაინოვიჩით ჩაანაცვლეს.

ბადის მეორე მხარეს მსოფლიოს უძლიერესი დუეტი ნიკოლა მეკტიჩი/მატე პავიჩი თამაშობდა. ამ დაპირისპირებაში ფავორიტებად უკვე ხორვატები მიიჩნეოდნენ, მიუხედავა იმ ფაქტისა, რომ კორტზე იმყოფებოდა ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ხორვატულმა ტანდემმა თავისი მაღალი სათამაშო კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა – 7:5 6:2 მოუგო სერბებს და საკუთარი ქვეყანა მეოთხედ გაიყვანა დევისის თასის ფინალში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *