წადი! შენ ვალენსიას ანადგურებ…

ვალენსიას ფანებმა მასიური საპროტესტო აქცია მოაწყვეს. დაახლოებით 15 000 ადამიანი მოითხოვდა კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმის წასვლას. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღაა ბოლო წლებში…

სინგაპურელი ლიმის ხელში ვალენსია სამეულ-ოთხეულის გუნდიდან საშუალო გუნდად გადაიქცა. საშინელი შედეგები კი რამ მოიტანა? ფაქტობრივად, ფული არ იხარჯება ტრანსფერებში. ჰყიდიან და ჰყიდიან, სანაცვლოდ კი მიჰყავთ უცნობი ფეხბურთელები, ბოლო სამი წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტი მხოლოდ ერთ ფეხბურთელში გადაიხადეს: ვალიადოლიდიდან მარკოს ანდრე შეიძინეს 8,5 მილიონად.

არადა, რამხელა თანხა მიიღეს თუნდაც ფერან ტორესის მანჩესტერ სიტიში გაყიდვით.

გარდა ამისა, სტადიონი ნუევო მესტალია ვერ შენდება. მშენებლობა გაჩერებულია ფინანსური კრიზისის გამო. ლიმმა უახლოეს ორ თვეში მთავრობას უნდა მისცეს ფინანსური გარანტია, რომ აშენდება, სხვაგვარად სტადიონის ტერიტორია ჩინოვნიკების ხელში გადავა.

ვალენსიას ხელმძღვანელობას თითქმის გაწყვეტილი აქვს კავშირი გულშემატკივრებთან. მეტიც, პიტერ ლიმის ქალიშვილმა უხეში განცხადება გააკეთა მათ მიმართ – მოკეტონ და ხელი არ შეგვიშალონო…

კლუბის ლეგენდები გაისკა მენდიეტა და სანტიაგო კანისარესი ღიად აკრიტიკებენ ლიმის გარემოცვას. ისინიც იყვნენ აქციაზე.

ვალენსია ქართველებს განსაკუთრებით გვაინტერესებს: იქ ხომ გიორგი მამარდაშვილია…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *