არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რობერტო აიალა ბუენოს აირესის პროვინცია ლუხანში, კერძოდ სან კაეტანოში მანქანით მიდიოდა, როცა სამმა მძარცველმა გააჩერა. მათ ვეტერანის მანქანას დიდი ქვები დაუშინეს, რის გამოც მძღოლი იძულებული იყო ავტომობილი გაეჩერებინა. შემდეგ, ყაჩაღებმა მძღოლსა და აიალას პისტოლეტები დაუმიზნეს და გადმოსვლა აიძულეს.
რამდენადაც ცნობილია, მათ აიალას მობილური ტელეფონი და 5600 ევრო წაართვეს.
აიალას და იმ ადამიანს, ვინც მანქანას მართავდა, ჩამვლელმა უშველა. მას დაუნახავს შარაგზის ყაჩაღობა და პოლიციაში დაურეკავს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
დღეს, რობერტო აიალა 48 წლისაა. ის ლიონელ სკალონის ხელქვეითია — არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა შტაბში მუშაობს. ამავე შტაბშია მისი თანამემამულე და თანაკლუბელი, 2001-2006 წლებში ვალენსიას შემტევი ნახევარმცველი პაბლო აიმარი. ალბისელესტეს მწვრთნელთა რანგში ისინი გასულ ზაფხულს კოპა ამერიკას გამარჯვებულები გახდნენ.