ხაბიბმა სამწვრთნელო კარიერაც დაასრულა

UFC-ს ყოფილი ჩემპიონი, დაღესტანელი ხაბიბ ნურმაგომედოვი MMA-სთან სპორტული თვალსაზრისით ყველანაირ კავშირს წყვეტს. მან მებრძოლის კარიერა ჯერ კიდევ 2020-ში დაასრულა, შემდეგ საკმაოდ წარმატებულად მოირგო მწვრთნელის ამპლუაც, თუმცა ახლა, ამ უკანასკნელსაც თავს ანებებს – მიზეზი კი ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარებაა. ბოლო პოსტში ნურმაგომედოვი წერს: “ცხოვრება ხანმოკლეა”. როგორც ჩანს, ეს სიტყვებიც მის გადაწყვეტილებას ეხება.

ხაბიბი UFC-ს და სხვა დიდი ორგანიზაციების დაღესტანელ მებრძოლებს წვრთნიდა, როგორც სამშობლოში ასევე American Kickboxing Academy-შიც. მის ვარჯიშებს მებრძოლები აღწერდნენ როგორც განსაკუთრებით დაუნდობელს და დატვირთულს. ამას თავისი შედეგიც გამოჰქონდა – ხაბიბის მწვრთნელობით ისლამ მახაჩევი UFC-ს მსუბუქი წონის მეორე დაღესტანელი ჩემპიონი გახდა.

ნურმაგომედოვს საკუთარი საბრძოლო ორგანიზაციაც აქვს, ჯერ-ჯერობით უცნობია ამ კუთხით თუ გააგრძელებს იგი საბრძოლო სპორტებთან ურთიერთობას.

ხაბიბი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გუნდელებს მიმართავს და წერს:

“გადატვირთული და წარმატებული წელი იყო. თავს მიხედეთ. იმედი მაქვს, ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. დიდი მადლობა, რადგან თქვენ ხართ ჩემი წარმატების უდიდესი მიზეზი”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *