ხაბიბ ნურმაგომედოვის სპორტულ კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტანელმა მთელი ცხოვრება საბრძოლო სპორტებს მიუძღვნა, ბევრისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ მას ძალიან უყვარს ფეხბურთი. იგი მეგობრობს კრიშტიანუ რონალდუსთან, თამაშობს ფეხბურთს რუსეთის ლიგის ფეხბურთელებთან ერთად, ესწრება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და ა.შ. ხაბიბმა ფეხბურთის თამაშს განსაკუთრებით მოუხშირა მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში საბრძოლო კარიერა დაასრულა. როგორც ჩანს, ხაბიბი გასართობ დონეზე თამაშმა აღარ დააკმაყოფილა, ამიტომაც მან პროფესიონალური კარიერა დაიწყო – ნურმაგომედოვმა მახაჩკალას საფეხბურთო გუნდთან “დინამო ლეგიონთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ინფორმაციას ადასტურებს როგორც თავად კლუბი, ასევე ცნობილი გამოცემა RT Sports.
მახაჩკალას დინამო თავდაპირველად სამოყვარულო ლიგებში ირიცხებოდა, თუმცა 2016-2017 წლებში მოიპოვა პროფესიონალური გუნდის სტატუსი და იგი ეხლა რუსეთის მესამე ლიგაში ასპარეზობს.